Apple-მა, Apple Watch-ის და iPad-ის განახლებული ვერსიები წარადგინა. ახლა მთავარი მოვლენა Apple Watch სერია 6, Apple Watch SE, გადაკეთებული iPad Air A14 Bionic ჩიპით და მერვე თაობის ახალი iPad-ია. კორონავირუსის პანდემიის გამო, პრეზენტაცია, Apple-ის არსებობის ისტორიაში, პირველად დისტანციურად გაიმართა და საათსა და ორმოც წუთს გაგრძელდა.
რაც შეეხება iPhone-ის ახალ ვერსიას, მას საზოგადოება, სავარაუდოდ, 13-14 ოქტომბერს გაეცნობა. როგორც წესი, კომპანია სმარტფონის ახალი მოდელის პრეზენტაციას სექტემბერში მართავს ხოლმე, მაგრამ ეს გადადება COVID-19-ით გამოწვეულ პრობლემებს უკავშირდება.
Apple-ის ოპერაციული სისტემების განახლებულ ვერსიებს – iPadOS 14-ს, iOS 14-ს, WatchOS 7-სა და TVOS 14-ს კი უახლოეს დღეებში უნდა ველოდოთ.
საინტერესოა ისიც, რომ Ipad-ის გამოშვებიდან უკვე 10 წელი გავიდა, მისი უახლესი მოდელის ღირებულება კი 329 დოლარიდან აითვლება და გაყიდვაში პარასკევიდან ჩაეშვება. Ipad Air-ი ცისარტყელას ფერებში იქნება და თითქმის 11 დიუმიანი ეკრანით გამოჩნდება. Მას ბაზარზე ოქტომბრიდან უნდა ველოდოთ 599 ამერიკულ დოლარად. რაც შეეხება Apple Watch-ის ახალ სერიას, მომხმარებელი მას განახლებული ფერებით იხილავს. სიახლეა ისიც, რომ ჭკვიანი საათი ადამიანს სისხლში ჟანგბადის გაჯერებასაც გაუზომავს. იგი გამოირჩევა ახალი პროცესორით, რომელიც გაცილებით უფრო სწრაფია, მისი საწყისი ღირებულება კი 399 დოლარი იქნება.
ცნობისთვის, ამერიკულმა ბრენდმა ცვლილებები პრეზენტაციამდე 1 კვირით ადრე დააანონსა, თუმცა მაშინ ინფორმაცია წარსადგენი პროდუქტების შესახებ არ კონკრეტდებოდა.