Apple-ის აქციების ფასმა დღეს, 5 ივნისს, ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია. დღის პირველ ნახევარში ამერიკული გიგანტის აქციების ფასი 1.5%-ით გაიზარდა და $183.99 შეადგინა. შეგახსენებთ, Apple-მა წინა ისტორიული მაქსიმუმი, $182.94, გასული წლის იანვარში დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე კომპანიის აქციების ფასი 47%-ით გაიზარდა. შედეგად, მოცემული დროისთვის, Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 2.9 ტრილიონი აშშ დოლარია, რაც მას მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიად აქცევს. Apple-ის მაჩვენებელი დაახლოებით 400 მილიარდი აშშ დოლარით აღემატება პლანეტის მეორე ყველაზე ძვირად ღირებული საჯარო კომპანიის, Microsoft-ის საბაზრო კაპიტალიზაციას.
ცნობისთვის, Apple-ს მიმდინარე წელს დაახლოებით 820 მილიარდი აშშ დოლარის საბაზრო კაპიტალიზაცია შეემატა, რაც Berkshire Hathaway-ის, Meta-სა და Tesla-ს ზოგად შეფასებებზე მეტია.
ტექნოლოგიური გიგანტის საბაზრო კაპიტალიზაციის ზრდა მის მიერ 2023 წლის პირველ კვარტალში ნაჩვენებ სახარბიელო შემოსავლებს უკავშირდება. შეგახსენებთ, Apple-მა აღნიშნულ პერიოდში რეკორდული, $20.9 მილიარდის კვარტალური შემოსავალი მიიღო სერვისების სეგმენტიდან, რომელიც უმეტესწილად App Store-ის გაყიდვებს მოიცავს.