Apple-მა M2-პროცესორის მქონე უახლესი iPad Pro და განახლებული Apple TV 4K წარმოადგინა

Apple-მა M2-პროცესორის მქონე უახლესი iPad Pro და განახლებული Apple TV 4K წარმოადგინა

რამდენიმე წუთის წინ, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულმა კომპანიამ, ამერიკულმა Apple-მა უახლესი თაობის მოწყობილობები, მათ შორის მე-6 თაობის პლანშეტი, ზემძლავრი iPad Pro, მე-10 თაობის iPad-ი და განახლებული Apple TV 4K წარმოადგინა. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული სიახლეები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, უპრიანი იქნება, თუ მათ დეტალურად მიმოვიხილავთ.

მეექვსე თაობის iPad Pro

არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ მეექვსე თაობის iPad Pro განსაკუთრებული პლანშეტია, რომელიც ამ სექტორს აუცილებლად თავდაყირა დააყენებს. საქმე ისაა, რომ Apple-ის მიერ წარმოდგენილი ეს მოწყობილობა ზემძლავრი M2-პროცესორითაა აღჭურვილი, რომელიც, ამერიკულმა გიგანტმა პირველად მიმდინარე წელს, განახლებულ MacBook Air-თან ერთად წარმოადგინა. Apple-ის მიერ წარმოებული მეორე თაობის სილიკონის ჩიპს მის წინამორბედთან, M1-პროცესორთან შედარებით 15%-ით უფრო სწრაფი CPU და 35%-ით უფრო სწრაფი GPU აქვს. CPU-სა და GPU-ს გაერთიანებით, უახლეს iPad Pro-ს 16-ბირთვიან ნეირონულ ძრავს წამში 15.8 ტრილიონი ოპერაციის შესრულება შეუძლია, რაც 40%-ით მეტია, ვიდრე წინა თაობის პროცესორის შემთხვევაში.

ფოტო: Apple

ისე კი, ტექნიკური სიმძლავრე ერთადერთი განახლება არ არის, რომელსაც Apple-ის ახალი თაობის პლანშეტში ვხვდებით. პროცესორთან ერთად, განსაკუთრებით დაიხვეწა iPad-ის განუყოფელი ატრიბუტი, Apple Pencil-ი, რომელსაც პლანშეტი, ამიერიდან, 12 მმ-ის სიმაღლიდან აღიქვამს, რაც მომხმარებლებისთვის დამატებ კომფორტსა და სიზუსტეს ნიშნავს. ამასთანავე, განახლებულ iPad Pro-ს Wi-Fi 6E-ის მხარდაჭერაც აქვს.

დღეს, Apple-მა უახლესი თაობის iPad Pro ორი, 11-ინჩიანი და 12.9-ინჩიანი მოდელები წარმოადგინა, ხოლო მეხსიერების მხრივ, საუბარია 128 გიგაბაიტიდან – 2 ტერაბაიტამდე კონფიგურაციის მქონე მოდელებზე. წინასწარი გაყიდვები უკვე დაწყებულია – მცირე ზომის iPad-ის საწყისი ფასი $799-ით, ხოლო უფრო დიდი მოდელის – $1099-ით განისაზღვრა.

ფოტო: Apple
მეათე თაობის iPad-ი

უახლეს და ზემძლავრ iPad Pro-სთან ერთად, Apple-მა მეათე თაობის iPad-იც წარმოადგინა. აღნიშნულ პლანშეტს, რომელიც Apple-ის მიერ წარმოებული A14-ტიპის ბიონიკური პროცესორითაა აღჭურვილი, 10.9-ინჩიანი Liquid Retina დისპლეი და ბრტყელი კანტები აქვს, რაც მოწყობილობას უფრო დახვეწილს ხდის. ამასთანავე, პირველად iPad-ის ისტორიაში, წინა კამერა პლანშეტის გრძელ მხარეს მოთავსდა. თავად პლანშეტი ოთხ სხვადასხვა ფერში არის ხელმისაწვდომი – ფერებს შორის ვხვდებით ცისფერს, ვარდისფერს, ყვითელსა და თეთრს.

დიზაინის განახლებასთან ერთად, უახლეს iPad-ში USB-C-ტიპის პორტს ვხვდებით, მაგრამ ვერ ვხედავთ ყურსასმენების ჯეკს, რაც, ცხადია, Apple-ის მისი მომხმარებლების AirPods-ებზე გადაყვანის ერთგვარი ნაბიჯია. საინტერესოა ისიც, რომ iPad-ის ამ მოდელში, თითის ანაბეჭდის სენსორი Apple-მა ჩართვის ღილაკზე გადაიტანა, რითაც ეკრანზე ადგილი დაზოგა. რაც შეეხება კავშირს, აღნიშნული iPad-ი მე-6 თაობის Wi-Fi-ს იყენებს.

საერთო ჯამში, Apple-მა ორი 10.9-ინჩიანი მოდელი წარმოადგინა: 64-გიგაბაიტიანი მოდელის საწყისი ფასი $449-ია, ხოლო 256-გიგაბაიტიანი მოდელისა – $599.

განახლებული Apple TV 4K

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლე, რომელიც Apple-მა დღეს წარმოადგინა, ბიონიკური A15-პროცესორის მქონე განახლებული Apple TV 4K გახლავთ. Apple-მა აღნიშნული მოდელის ორი კონფიგურაცია წარმოადგინა: 64-გიგაბაიტიანი Apple TV 4K (Wi-Fi) და 128-გიგაბაიტიანი Apple TV 4K (Wi-Fi + Ethernet), რომელსაც უფრო სწრაფი კავშირისა და მეტი აპლიკაციების მხარდაჭერა აქვს. წინასწარი გაყიდვები უკვე დაწყებულია – უახლესი Apple TV 4K-ს საწყისი ფასია $129.

ფოტო: Apple