არგაღიზიანებაზე მეტი

არგაღიზიანებაზე მეტი

ქართულ პოლიტიკას ნაკლებად ახასიათებს ისეთი მარტივი შინაარსის დილემები, როგორიცაა აბორტის ლეგალურობის საკითხი (pro-life/pro-choice) ან იარაღის ტარების უფლება. სამაგიეროდ, “პრორუსულობისა თუ პროდასავლურობის” საკითხი დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან თითქმის მუდმივად პარტიული დაპირისპირების ცენტრშია. როგორი მობეზრებულიც უნდა იყოს ეს თემა ამომრჩეველთა ნაწილისთვის, მისი მნიშვნელობა ობიექტურია: რუსეთის ფაქტორი დღემდე მოქმედებს არათუ საქართველოში მიმდინარე ცალკეულ პროცესებზე, არამედ იმაზე, შედგება თუ არა საერთოდ ქართული სახელმწიფო და რა ფორმით.

ერთია საკითხის მნიშვნელობა და განხილვის სიხშირე, მეორე კი მასში გარკვევის ხარისხი. მედია და პოლიტიკური სპექტრი ბუნებრივად მიდრეკილია ნებისმიერი საკითხის შავ-თეთრად მოწოდებისკენ, ორ შესაძლებლობამდე დაყვანისკენ. “მემარცხენე ან მემარჯვენე”, “ლიბერალური ან კონსერვატიული”, “პრორუსული ან პროდასავლური”. ნაწილობრივ ამიტომაც არის განსაკუთრებით პოპულარული აბორტის ლეგალურობის მსგავსი თემები ამერიკულ პოლიტიკაში, რომ “კი-არა” ფორმატს კარგად ერგება.

რუსეთთან რთული, მრავალგანზომილებიანი მიმართების “კი-არა” ფორმატზე დაყვანა სახიფათოა. და აქ სულაც არ იგულისხმება ეგრეთ წოდებული ნეიტრალიტეტის, როგორც მესამე შესაძლებლობის, განხილვის საჭიროება. არსებითია, რომ “პრორუსულობის ტესტად” არ შეიძლება გამოვიყენოთ პოლიტიკის რომელიმე ერთი მიმართულება. ნათელი სურათი რომ გვქონდეს, ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობა უნდა განვიხილოთ ეკონომიკურ, გეოპოლიტიკურ, თავდაცვით და კულტურულ ჭრილშიც. მაგალითისთვის, თუ ქვეყანა ევროკავშირთან დაახლოებაზე უარს არ ამბობს, ეს სულაც არ ნიშნავს რუსული ფაქტორის გაქრობას. უნგრეთისა და ჩეხეთის ბოლოდროინდელმა პოლიტიკამ აჩვენა, რომ რუსეთი ევროკავშირისა და ნატოს წევრ აღმოსავლეთევროპულ ქვეყნებშიც კი აწარმოებს რთულ და აგრესიულ თამაშს.

ხაზი გავუსვათ, რომ რუსეთთან ურთიერთობას აქ არ ვიხილავთ ირაციონალური სიძულვილის, “რუსოფობიის” გადმოსახედიდან. ზღვარი ფობიასა და რაციონალურ სიფრთხილეს შორის შესაძლოა რთული გასავლები იყოს იმდენად, რამდენადაც თავად რუსეთი აწარმოებს ერთგვარ ტოტალურ პოლიტიკას, სადაც მედია, კულტურა, ეკონომიკა და გეოპოლიტიკა უკიდურესად მჭიდროდაა გადაჯაჭვული.

კულტურული დაახლოების პოლიტიკა საფრთხილოა იმდენად, რამდენადაც მის საფუძველზე ძლიერდება პროპაგანდა (მაგალითად, ანტიდასავლური გრძნობების გაღვივება) და არა მხოლოდ იმიტომ, რომ შესაძლოა ფლობერი დოსტოევსკიზე არანაკლებ ყურადღებას იმსახურებდეს. პროპაგანდა, თავის მხრივ, ქმნის მზაობას ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური ნაბიჯებისთვის. მეტიც, კულტურული სიახლოვე ზოგჯერ პირდაპირი სამხედრო ჩარევის არგუმენტადაც კი გამოიყენება, რისი ბოლო მაგალითიცაა უკრაინის მოვლენები.

ცხადია, მსგავსი მაგალითები სხვადასხვა იმპერიის ისტორიაში მოიძებნება: მიუღებელია პოლიტიკური მოცემულობის გაიგივება რომელიმე ეთნოსის ან კულტურის თვისებებთან. ამავდროულად, უნდა გვესმოდეს, რომ კრემლთან დაახლოებულ “კულტურის მოღვაწეთა” გახშირებული ვიზიტები და ღონისძიებები ემსახურება არა კულტურის გაცნობას, არამედ კრემლის პოლიტიკურ მიზნებს. “ერთმორწმუნეობაზე” საუბარსა და “ნაღდი ქართველების” მლიქვნელურ ქებას არაფერი აქვს საერთო დოსტოევსკის, ჩაიკოვსკისა თუ ტარკოვსკის შემოქმედების გააზრებასთან. კულტურაზე სალაპარაკოდ ბორის აკუნინი ან ვიქტორ პელევინი რომ ჩამოდიოდეს და არა “დერჟავნიკი” პროპაგანდისტი მაქსიმ შევჩენკო, უფრო დამაჯერებელი იქნებოდა.

“ქართული ოცნების” რიტორიკა თავიდანვე აიგო იდეაზე, რომ რუსეთი “არ უნდა გავაღიზიანოთ” – მეტიც, ურთიერთობები უნდა “დავათბოთ და დავალაგოთ” – თუმცა პარალელურად ზედაპირზე დარჩა “ევროატლანტიკური სწრაფვის” სტრატეგია. როგორც კავკასიური პოლიტიკის სპეციალისტმა სვანტე კორნელმა აღნიშნა, ევროატლანტიკური კურსის მთლიანად უარყოფა საქართველოში არსებული განწყობების ფონზე შეუძლებელიც კი იქნებოდა. ერთბაშად ასეთი ცვლილება მხოლოდ სრულიად არადემოკრატიული გზით თუ მოხდებოდა.

ევროატლანტიკურ სწრაფვებზე ხელისუფლებას დღემდე არ უთქვამს უარი. მაგრამ კორნელისთვის არ გამქრალა განცდა, რომ კოალიცია იანუსის (ორსახა რომაული ღმერთი) პოლიტიკას ატარებს. კოალიციაში შემავალი ძალების არაერთგვაროვან იდეოლოგიას ალასანიას ხელისუფლებიდან “განდევნის” საეჭვო გარემოებები დაემატა. მისი ინფორმაციით, ალასანიაზე იერიში სწორედ მაშინ მიიტანეს, როდესაც მინისტრი ნატოს ქვეყნებისგან საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვის ხელშეკრულებას აფორმებდა. თანაც თბილისიდან პირდაპირ ითხოვდნენ ხელშეკრულებაზე უარის თქმას.

კორნელი ღიად საუბრობს მართვის “პოსტსაბჭოთა” სტილზე, სადაც ძალაუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის ხელშია კონცენტრირებული. ამავდროულად, საუბარია მკვეთრად პრორუსული ძალების (მაგალითად, ნინო ბურჯანაძის პარტია) დასაფინანსებლად გაურკვეველი წყაროებიდან დიდი რესურსების შემოდინებაზე, რუსული პროპაგანდის მომძლავრებაზე, კრემლთან დაახლოებული ქართველების თბილისში დაბრუნებაზე, შევარდნაძისდროინდელი პრორუსული ჩინოსნების სახელისუფლებო სტრუქტურებში დასაქმებაზე. რაც მთავარია, მისივე ინფორმაციით, მთავრობა პრაქტიკულად არ ინტერესდება ამ ტენდენციების განეიტრალებით.

როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, ორი წლის მანძილზე პირველი კონკრეტული მოვლენები, სადაც შეგვიძლია რუსული საფრთხის განეიტრალების სურვილი ამოვიკითხოთ, სწორედ ალასანიას განდევნის შემდეგ მოხდა. ესენია რადიო “სპუტნიკის” (ტელეკომპანია “რაშა თუდეის” პროექტი) მაუწყებლობის შეჩერება და ემზარ კვიციანისთვის თორმეტწლიანი პატიმრობის მისჯა. თუმცა “სპუტნიკის” საკითხი პარლამენტში ოპოზიციამ წამოსწია, კვიციანის განაჩენით უკმაყოფილება კი მმართველი ძალის წარმომადგენლებმა გამოხატეს. რთული სათქმელია, ეს მოვლენები ხელისუფლების ახალ სტრატეგიულ ხაზს უკავშირდება, რეაქციაა ოპოზიციის მიერ ქუჩაში “ძალის დემონსტრირებაზე”, ტაქტიკური ნაბიჯებია ალასანიას საკითხით გამოწვეული ეჭვების გადასაფარად, თუ სულაც ძირითადი სტრატეგიიდან ამოვარდნილი “თვითშემოქმედება”.

უკრაინის მოვლენების ფონზე უცხოელი ექსპერტებისთვის უკვე ნაკლებად საკამათოა, რომ რუსეთთან ურთიერთობების დათბობა და დასავლეთისკენ სწრაფვა პრინციპულად არათავსებადი მიზნებია. ასეც რომ არ იყოს, “არგაღიზიანებისა” და “დათბობა-დალაგების” იდეები ზედმეტად ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. კითხვის ნიშნები მანამ მაინც იარსებებს, სანამ ხელისუფლება მკაფიოდ არ შემოსაზღვრავს, რა ნაბიჯები შეიძლება მოიცვას “დათბობამ” მომავალში და რა — არა, რა მოიცვა აქამდე და რატომ.

ვიწრო გაგებით, “დათბობა-არგაღიზიანებაში” შეიძლება მოვიაზროთ საერთაშორისო ასპარეზზე მაქსიმალურად ფრთხილი ენით საუბარი. ამ დაშვებით, საქართველოს შიდა თუ საგარეო პოლიტიკაზე რუსეთის ინტერესები თვისებრივ გავლენას არ ახდენს: იცვლება მხოლოდ საგარეო “შეფუთვა”. ბევრი შესაძლოა მოვლენებს სწორედ ასე ხედავდეს, მაგრამ ნათელია, რომ ფაქტობრივად გადადგმული ნაბიჯები სცდება შეფუთვის ცვლილებას.

ზემოთ უკვე ვახსენეთ კულტურული დაახლოების პოლიტიკა, პროპაგანდისა და პრორუსული ძალების გააქტიურება. ამ მოვლენებში ხელისუფლების როლი არ შემოიფარგლება ჩვეულებრივი პასიურობით. ხელისუფლებამ კრემლის მსახური შავრაზმელები (მაგალითად, მოსკოვში გაქცეული მალხაზ გულაშვილის ფაშისტური დაჯგუფების წევრები) თანამიმდევრულად შერაცხა “პოლიტპატიმრებად”, “უდანაშაულო მართლმადიდებელ ბიჭებად” და გმირებად, “რომლების წინაშეც ვალში ვართ”. ამ პოზიციაზე დღემდე არავის უთქვამს უარი.

ცალკე აღსანიშნავია ეკონომიკური პოლიტიკა, სადაც ნებისმიერი პროდუქციის რუსულ ბაზარზე გატანა რევოლუციურ მიღწევად საღდება. ეს მაშინ, როდესაც აბსოლუტურად ცხადია, რომ რუსეთი ეკონომიკურ ურთიერთობებს იყენებს პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად. ასე იყო მოლდოვასთან, უკრაინასთან, პოლონეთთან, ლიტვასა და მრავალ სხვა ქვეყანასთან მიმართებაში, რომ არაფერი ვთქვათ თავად საქართველოზე. ქართულ ეკონომიკაში რუსეთთან ვაჭრობის წილის გაზრდით პირდაპირ ვაძლევთ კრემლს საქართველოს შანტაჟის დამატებით საშუალებას. პარალელურად, საუბარია რუსეთთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის აღდგენა-გაძლიერებაზე, ხოლო სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების (მაგალითად, თურქეთში მიმავალი რკინიგზა) ბედი დღემდე ბუნდოვანია.

მთავარი საფრთხე ისაა, რომ არგაღიზიანებითა და დათბობით, ფართო გაგებით, ნებისმიერი ნაბიჯი აიხსნება, რაც კი რუსეთის ინტერესებშია. ცხადია, რაც მეტს დავთმობთ, მეტად კმაყოფილი და ნაკლებად გაღიზიანებული იქნება ვლადიმირ პუტინი ჩვენ მიმართ. ამიტომაც აუცილებელია არაორაზროვნად განისაზღვროს თითოეული მიმართულებით დასაშვები და დაუშვებელი ნაბიჯები.

რიტორიკის დონეზეც, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ ამომრჩეველს ეუბნებიან, რომ “არ სჯერათ რუსეთის აგრესიულობის”, ეს ვერ გამართლდება მხოლოდ ზედაპირული “არგაღიზიანებით”. თუკი საერთაშორისო არენაზე ფრთხილ რიტორიკას უკრაინის კრიზისამდე მაინც ჰქონდა გარკვეული გამართლება (აქაოდა დასავლელ პოლიტიკოსებს არ მივცეთ სალაპარაკო, რომ ქართველები აღიზიანებენ პუტინს), “საშინაო” კეკლუცობას ასეთი ღირებულება არასოდეს ჰქონია. სამაგიეროდ, ამომრჩევლის განწყობებზე გავლენა შეიძლება იყოს სავსებით რეალური.

ცხადია, უკრაინის მოვლენების ფონზე უკვე საგარეო რიტორიკასაც სრულიად სხვა მნიშვნელობა ენიჭება: ახლა დასავლეთში რუსეთის მიმართ შედარებით ლოიალურ, “შემრიგებლურ” ძალებსაც გაუჭირდებათ ქართულ მხარეს ზედმეტი აგრესიულობა უსაყვედურონ. პირიქით, დიდი ხანია პრიორიტეტული გახდა, საქართველოს საკითხი არ ჩაიკარგოს და, მეტიც, უკრაინის გვერდით მოხსენიებით გახდეს უფრო აქტუალური. ამ მხრივ იქმნება შთაბეჭდილება, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ შესაძლებლობები მინიმალურად გამოიყენა. ინერციითა თუ შეგნებულად, ბოლო დრომდე გაგრძელდა საქართველოს საკითხის “ჩამოშორება” რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირებიდან, რაც ბიძინა ივანიშვილის გაცხადებული მიზანი იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთისა და მისი ყოფილი კოლონიების მიმართ დამოკიდებულება დასავლეთში ძალიან არაერთგვაროვანია. გარკვეულ ძალებს მართლაც აღიზიანებდათ, რომ საქართველოს საკითხი დამატებით უხერხულობას ქმნიდა პუტინთან ურთიერთობაში. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათი პოზიცია საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს ითვალისწინებს და ემთხვევა. დასავლეთში ისეთი ძალებიც მოიძებნებიან, რომლებიც ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებასა და სამუდამოდ გაჩუმებას გვირჩევენ. მათი პოზიცია ვერ იქნება განმსაზღვრელი, თუ ვისთან პარტნიორობა გვჭირდება, რატომ და რა ფორმით. ამიტომ, სიფრთხილეა საჭირო მაშინაც, როდესაც გვეუბნებიან, რომ ესა თუ ის ნაბიჯი “დასავლეთის რჩევასა” თუ “სურვილს” გამოხატავს.

ჩრდილოელ მეზობელთან ნებისმიერი დათმობის ღირებულებას დამატებით ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის არაორაზროვანი პოზიცია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხზე. პუტინმა არაერთხელ განაცხადა ღიად — მათ შორის პრეზიდენტ შევარდნაძის შვილიშვილთან, სოფიკო შევარდნაძესთან ინტერვიუშიც “რაშა თუდეიზე” — რომ ვერ ხედავს უკან დახევის შესაძლებლობას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით. ეს მაშინ, როდესაც ქართული დელეგაციის სოჭის ოლიმპიადაზე დასწრება და სხვა დამთმობი ნაბიჯები განიხილებოდა.

ღიად პრორუსული პოლიტიკოსების რიტორიკაში, როგორიცაა შევარდნაძისდროინდელი უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია, იკვეთება აზრი, რომ რუსეთს უნდა დავუახლოვდეთ, რადგანაც მას ახლა “არ სცხელა” საქართველოსთვის ზიანის მოსაყენებლად. თუ საქართველოს ინტერესებს დავეყრდნობით, სრულიად საპირისპირო დასკვნა უნდა გაკეთდეს. სანამ რუსეთს მრავალ ფრონტზე უწევს ბრძოლა, უნდა მოვასწროთ მისგან მაქსიმალურად დისტანცირება. გაჩნდა შანსი, რომ რუსეთის კვლავ მომძლავრების მომენტისთვის მინიმუმამდე დავიყვანოთ მისი მხრიდან ზეწოლის ბერკეტები და ამ შანსს გამოყენება სჭირდება.

ბოლო პერიოდში პრორუსული პოლიტიკისგან შედარებით მკაფიოდ დისტანცირების სიგნალად შეიძლება მივიჩნიოთ პრემიერ ღარიბაშვილის განაცხადება, რომ უკრაინის მოვლენები “2008 წლის ომის გაგრძელებაა”. თუმცა თავად ქართული ოცნების სამწლიანი ისტორია გვიბიძგებს ყველა სიგნალს სკეპტიკურად მივუდგეთ. ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ აჩვენა ისეთი ტაქტიკური ნაბიჯებისკენ მიდრეკილება, რომლებიც სრულად არ შეესაბამება გრძელვადიან სტრატეგიას. ასე იყო ჩანასახშივე, როდესაც ივანიშვილმა ჯერ ალასანია და რესპუბლიკელები დაიყენა გვერდით, შემდეგ კი დაიწყო შავრაზმელებისა თუ “წითელი ინტელიგენტების” შემოკრება, რაც “ასავალ-დასავლის” საყვარელ გაზეთად გამოცხადებით დაგვირგვინდა.

თუკი ზევით აღნიშნული “იმედის მომცემი” მოვლენები მართლაც გრძელვადიანი სტრატეგიის შესაბამისია, მაშინ უბრალოდ ხელისუფლების ძალზე სუსტ და არაორგანიზებულ მუშაობასთან, უკიდურესად დაგვიანებულ რეაქციებთან გვაქვს საქმე. ასეა თუ ისე, ივანიშვილის მოქმედების სტილისა და მისი გუნდის მრავალსახოვნების გათვალისწინებით, სათუოა, მკაფიო დასკვნების გაკეთება შევძლოთ.

(გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ს დეკემბრის ნომერში).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *