არც ისე ბევრ ადამიანს სჯეროდა, რომ საქართველო მიმზიდველი ქვეყანა იქნებოდა სერვისების აუტსორსინგისთვის, – ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი ბიზნესსერვისების აუტსორსინგის მიმართულებით ცნობილ საერთაშორისო ჟურნალ Outsourcing & More-ის გაზაფხულის გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნავს.
ინტერვიუში სათაურით “GEORGIA – Uprising BSS destination” დეტალურად არის მიმოხილული, თუ რატომ არის საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ახალი მიმზიდველი საინვესტიციო ჰაბი სერვისების აუტსორსინგისთვის.
„5 წლის წინ არც ისე ბევრ ადამიანს სჯეროდა, რომ საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანა იქნებოდა სერვისების აუტსორსინგისთვის, დღეს კი სექტორში უკვე გვყავს წამყვანი ინვესტორები, რომლებიც საქართველოდან სერვისებს აწვდიან ყველასთვის ცნობილ გლობალურ ბრენდებს“, – აცხადებს ინტერვიუში მიხეილ ხიდურელი.
ჟურნალში, ინტერვიუსთან ერთად, მკითხველებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ საქართველოში არსებული საერთაშორისო ბიზნეს და IT სერვისების პროვაიდერი კომპანიების: Majorel Georgia-ს, Asseco Georgia-ს, Flat Rock Technology-ის სამოტივაციო წერილებს იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტეს საქართველოში ინვესტირება.
Outsourcing & More-ი საკონსულტაციო ორგანიზაცია Pro Progressio-ს მიერ დაფუძნებული ავტორიტეტული საერთაშორისო ჟურნალია, რომელსაც 200 000-მდე მკითხველი ჰყავს. მისი გამომწერები არიან გლობალური ბიზნესსერვისების პროვაიდერი კომპანიების გადაწყვეტილების მიმღები პირები.
როგორც სააგენტოში „აწარმოე საქართველოში“ აცხადებენ, ბიზნესსერვისების აუტსორსინგი მათი სააგენტოს საინვესტიციო მიმართულების (Invest in Georgia) პრიორიტეტული სექტორია, რადგან მას აქვს დიდი პოტენციალი ქვეყანაში ახალი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის და თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანის კუთხით. პანდემიის შედეგად მსოფლიოში კიდევ უფრო გაზრდილია დისტანციურად სერვისების მიწოდებაზე მოთხოვნა, რაც ახალი საინვესტიციო პროექტების დაწყების შესაძლებლობას ქმნის. ამის ნათელი მაგალითია ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდში ქვეყანაში უკვე არსებული ინვესტორების აქტივობები დამატებითი ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით, ისევე როგორც ახალი ინვესტორების მზარდი ინტერესი.