აშშ, გაერთიანებული სამეფო და პარტნიორი სახელმწიფოები ჩინეთის მთავრობას Microsoft-ზე თავდასხმაში ადანაშაულებენ

აშშ, გაერთიანებული სამეფო და პარტნიორი სახელმწიფოები ჩინეთის მთავრობას Microsoft-ზე თავდასხმაში ადანაშაულებენ

შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ და სხვა პარტნიორმა სახელმწიფოებმა Microsoft-ზე თავდასხმაში ჩინეთის მთავრობის ბრალეულობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთეს. სახელმწიფოებმა წლის დასაწყისში ტექნოლოგიურ გიგანტზე განხორციელებული კიბერთავდასხმების, მონაცემთა გაჟონვისა და კიბერჯაშუშობის მთავარ შემოქმედად ჩინეთის მთავრობა დაასახელეს.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ დომინიკ რააბის განცხადებით, ჩინეთის მთავრობამ უნდა შეაჩეროს სისტემატიური კიბერსაბოტაჟი, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა მოელოდეს შესაბამის პასუხს.

თეთრი სახლის განცხადებით, შეერთებული შტატები უერთდება ევროპული სახელმწიფოების მოწოდებას ჩინეთის კანონსაწინააღმდეგო აქტივობების წინააღმდეგ. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის, განცხადებით კიბერთავდასხმები ჩინეთის ტერიტორიიდან განხორციელდა და გამოიწვია მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანაკარგები სამთავრობო ინსტიტუტებისა და კერძო კომპანიების შემოსავლებში.

ევროპული სახელმწიფოების განცხადებას შეუერთდნენ ავსტრალია, კანადა, ახალი ზელანდია, იაპონია და NATO. ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, აღნიშნული დაგმობა გახლავთ ჩინეთის კიბერთავდასხმების წინააღმდეგ მიმართული პირველი ჩრდილოამერიკულ-ევროპული ქმედება.

გასულ კვირაში შეერთებული შტატების ადმინისტრაცია კერძო კომპანიებსა და დამოუკიდებელ ინვესტორებს ჰონგ-კონგში ინვესტიციების განხორციელების რისკებზე აფრთხილებდა. როგორც ჩანს, შეერთებულ შტატებში ოფიციალური განცხადების გაკეთებისა და ჩინეთის დადანაშაულებისათვის აქტიურად ემზადებოდნენ.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, განცხადებით, ჩინეთთან პოლიტიკურ-ეკონომიკური უთანხმოება სახელმწიფოსათვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *