ამერიკელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა და დემოკრატმა სტივ კოენმა კონგრესში „ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“ წარადგინეს. ორპარტიული კანონპროექტი საქართველოში „ქართული ოცნების“ მთავრობის აღიარებისა და მასთან ურთიერთობების ნორმალიზების აკრძალვას ითვალისწინებს.
კანონპროექტის თანახმად, აკრძალვა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და მასთან დაახლოებულ პირებსაც ეხება. კანონის მიღების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მთავრობის ნებისმიერი ფორმით აღიარება ან აღიარებაზე მინიშნება აიკრძალება. გარდა ამისა, აღარ მოხდება აშშ-ის მთავრობის მიერ ფედერალური თანხების გამოყოფაც. ამასთან, ორპარტიული კანონპროექტი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს აღიარებს.
კანონპროექტის რეგისტრაციის შემდეგ კონგრესში მისი განხილვა დაიწყება, მოგვიანებით კი კანონპროექტს კენჭი ეყრება. შეგახსენებთ, რესპუბლიკელმა უილსონმა მსგავსი კანონპროექტი 2023 წელსაც წარადგინა და ის „ასადის მთავრობის არაღიარების აქტი“ გახლდათ. აღნიშნული კანონპროექტი კონგრესმა და სენატმა დაამტკიცა, ჯო ბაიდენმა კი ხელი მოაწერა.