აშშ-ის ოთხი შტატის – ტეხასის, ნიუ-ჯერსის, კენტუკისა და ალაბამას ფასიანი ქაღალდების მარეგულირებლების განცხადებით, უკანონო და თაღლითურია კომპანია Slotie-ის საქმიანობა, რომელიც NFT კაზინო თამაშების პროვაიდერია. ამავე განცხადების თანახმად, Slotie საქართველოში დაფუძნებულ კომპანიას წარმოადგენს.
ოთხი შტატის მარეგულირებლები მიიჩნევენ, რომ NFT ტოკენები, რომლითაც ვირტუალურ კაზინოში მიმდინარეობს თამაშები, სინამდვილეში არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდებია, რომლებიც აშშ-ის კანონმდებლობის დარღვევითაა გამოშვებული.
განცხადების მიხედვით, თუ Slotie ამერიკის ამ შტატებში საქმიანობას არ შეაჩერებს, კაზინოს ოპერატორებს ჯარიმა ან საპატიმრო სასჯელი ელით, რაც 2-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თავად Slotie მომხდარს ოფიციალური Twitter-ის გვერდის მეშვეობით გამოეხმაურა.
“ახლახან აშშ-ის ოთხმა შტატმა გამოგვიგზავნა შეტყობინებები არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით.
მომხდართან მიმართებით ჩვენს იურიდიულ გუნდთან გავდივართ კონსულტაციებს,”- წერს კომპანია. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანია ამ სიძნელის გადალახვას იმედოვნებს.
NFT – non-fungible token (არა-ჩანაცვლებადი ტოკენია), რომელიც ნებისმიერი ციფრული ობიექტი შეიძლება გახდეს და მის უკან ბლოკჩეინში არსებული ჩანაწერი დგას.