აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა

აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა

მკვეთრად გაზრდილი ინფლაციის ფონზე, აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. FED-ის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 75 საბაზო პუნქტით (0.75%) გაიზარდა.

საგულისხმოა, რომ რეფინანსირების განაკვეთი აშშ-ში FED-ის წინა შეხვედრებზეც გაიზარდა 75-75 საბაზო პუნქტებით – მონეტარული პოლიტიკის მსგავსი ტემპითა და სიხისტით გამკაცრების გადაწყვეტილება FED-ს 1994 წლის შემდეგ არ მიუღია.

გამკაცრების შედეგად, ფედერალური რეზერვის ძირითადმა განაკვეთმა 3.25%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც ამერიკული სტანდარტებით მაღალ მაჩვენებლად მიიჩნევა.

FED-ის ხელმძღვანელ ჯერომ პაუელის განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გარდაუვალი იყო, რადგან ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდის დონე მნიშვნელოვნად გასცდა FED-ის მიერ განსაზღვრულ სამიზნე მაჩვენებელს.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს აშშ-ში ინფლაციის დონემ 8.3% შეადგინა, რაც ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულზე მაღალი მაჩვენებელია და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ძირითად საფუძველს წარმოადგენს.

აგრესიული გამკაცრების პოლიტიკა, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გაგრძელდება. ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში ფედერალური რეზერვი კიდევ ორჯერ მიიღებს განაკვეთის ზრდის გადაწყვეტილებას, საორიენტაციო მაჩვენებლად კი 75 – 100 საბაზო პუნქტი განიხილება.

მოსალოდნელია, რომ რეფინანსირების განაკვეთმა წლის ბოლომდე 4%-იან ნიშნულს გადააჭარბოს, რაც 1980 წლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მკაცრი მონეტარული პოლიტიკა იქნება.