აშშ-ის სენატში რესპუბლიკელებმა უკრაინის დახმარების კანონპროექტი დაბლოკეს

აშშ-ის სენატში რესპუბლიკელებმა უკრაინის დახმარების კანონპროექტი დაბლოკეს

აშშ-ის სენატში რესპუბლიკელებმა დაბლოკეს კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის გადაუდებელი დახმარების სახით $66-მილიარდიანი პაკეტის დამტკიცებას ითვალისწინებდა. რესპუბლიკელები კვლავ მიუთითებენ შეერთებულ შტატებში საიმიგრაციო საკითხებისა და პოლიტიკის მოგვარების პრიორიტეტულობაზე.

საერთო ჯამში, ეროვნული უსაფრთხოების დაფინანსების $111-მილიარდიანი პაკეტი დახმარებას უკრაინის გარდა ისრაელისა და ტაივანისთვისაც უზრუნველყოფდა, ამასთან ერთად კი, აშშ-ის საზღვრის დაცვის გაძლიერების საკითხებსაც მოიცავდა. კანონპროექტის დასამტკიცებლად 60 ხმა იყო საჭირო, თუმცა განხილვის პროცედურულ შუამდგომლობას მხარი არცერთმა რესპუბლიკელმა არ დაუჭირა და საბოლოოდ, კანონპროექტი 49-ით 51 ხმის წინააღმდეგ ჩავარდა.

კანონპროექტის რესპუბლიკელების ნული ხმით ჩავარდნა მიანიშნებს, რომ პარტიის წევრები – ისინიც კი, ვინც მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის დახმარებას – მზად არიან, შეაჩერონ დახმარება ომში მყოფი ქვეყნისთვის, თუ აშშ-ის საემიგრაციო და სასაზღვრო პოლიტიკაში ცვლილებები არ შევა. რესპუბლიკელებმა უკრაინისთვის ახალი დახმარება სამი თვის ვადით შეაჩერეს.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, რომელშიც უმრავლესობას რესპუბლიკელები იკავებენ, ისრაელისთვის $14.3-მილიარდიანი დახმარების პაკეტის დამტკიცებას მხარი დაუჭირა. თუმცა კანონპროექტი სენატში დემოკრატებმა დაბლოკეს, რადგან ის არ მოიცავდა დახმარებას უკრაინისთვის.