აშშ ისრაელის სამხედრო დანაყოფის Netzah Yehuda-ს სანქცირებას განიხილავს

აშშ ისრაელის სამხედრო დანაყოფის Netzah Yehuda-ს სანქცირებას განიხილავს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ ისრაელის თავდაცვის ძალების ერთ-ერთი დანაყოფის, Netzah Yehuda-ს სახლით ცნობილი შენაერთის სანქცირებას განიხილავს. მიზეზი დანაყოფის მიერ დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების წინააღმდეგ მიმართული ადამიანის უფლებათა დარღვევის გახშირებული ფაქტებია. თუმცა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მისი ძალაუფლების ფარგლებში სანქციების წინააღმდეგ იბრძოლებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ Netzah Yehuda-ს ბატალიონისთვის  შეზღუდვების დაწესების შესახებ ცნობას რამდენიმე ამერიკული მედიასააგენტო ავრცელებს. ინფორმაცია პოტენციური სანქცირების შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის კომიტეტმა დანაყოფის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევა დაამტკიცა.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია აღნიშნული დანაყოფის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „ლეაჰის კანონის/ლეაჰის შესწორების“ ფარგლებში სანქცირებაზე, რაც უცხოურ სამხედრო ან საპოლიციო დანაყოფს ამერიკული დახმარების მიღებას უკრძალავს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სანდო ინფორმაცია აღნიშნული დანაყოფის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ.

ისრაელის ომის კაბინეტის წევრისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბენი განცის განცხადებით, ის აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ესაუბრა და გადაწყვეტილების გადახედვისაკენ მოუწოდა. მისივე განმარტებით, Netzah Yehuda ისრაელის თავდაცვის ძალების განუყოფელი ნაწილია და დანაყოფი საერთაშორისო სამართლის  ნორმების შესაბამისად მოქმედებს.

Netzah Yehuda ისრაელის თავდაცვის ძალების ბატალიონია, რომელიც მეტწილად ულტრაორთოდოქსი სამხედროებითაა დაკომპლექტებული. დანაყოფის სახელი დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების წინააღმდეგ ძალადობრივ ქმედებებში რამდენჯერმე გაჟღერებულა. 2022 წელს დანაყოფმა დისლოკაციის ადგილი შეიცვალა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროდან გოლანის მაღლობებისკენ გადაინაცვლა.