აშშ-ის კონგრესმა უკრაინისა და ისრაელის დახმარების $95-მილიარდიანი გეგმა დაამტკიცა

აშშ-ის კონგრესმა უკრაინისა და ისრაელის დახმარების $95-მილიარდიანი გეგმა დაამტკიცა

აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ მრავალთვიანი მცდელობის შემდეგ უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების $95-მილიარდიანი გეგმა დაამტკიცა. გეგმა შემდეგი დამტკიცებისთვის სენატს გადაეგზავნა. სენატში უმრავლესობას დემოკრატები წარმოადგენენ, სწორედ ამიტომ დახმარების გეგმა, დიდი ალბათობით, საბოლოოდ დამტკიცდება. უკვე თითქმის ერთი წელია, აშშ-ის საკანონმდებლო ორგანო უკრაინის დახმარების გეგმას ვერ ამტკიცებს, რისი მიზეზიც რესპუბლიკელ და დემოკრატ კონგრესმენებს შორის შეუთანხმებლობაა.

სენატი პროექტს ხვალ განიხილავს, ხმის მიცემა კი მომდევნო კვირისთვისაა დაგეგმილი. სენატის მიერ დახმარების დამტკიცების შემთხვევაში შემდეგი პროცედურა მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტის ხელმოწერა დარჩება.

დახმარების მთლიანი მოცულობიდან $60.84 მილიარდი უკრაინისთვისაა განკუთვნილი, საიდანაც $23 მილიარდი აშშ-ის იარაღისა და მარაგების შესავსებად დაიხარჯება. ისრაელისათვის გამოყოფილი დახმარების მოცულობა $26 მილიარდს შეადგენს, საიდანაც ჰუმანიტარული საჭიროებებისათვის $9.1 მილიარდია განსაზღვრული. $8.12 მილიარდი კი ტაივანისთვის გამოყოფილი დახმარების მოცულობაა.

აშშ-ის კონგრესს „სწორი გადაწყვეტილების“ მიღებისთვის მადლობა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადაუხადა. ჯო ბაიდენი კონგრესმენებს თითქმის ერთი წელი მოუწოდებდა, უკრაინისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების პაკეტი დაემტკიცებინათ.

კონგრესში დახმარების გეგმის დამტკიცებას 311 მომხრე და 112 წინააღმდეგი ჰყავდა. 112-ვე წინააღმდეგი კონგრესმენი რესპუბლიკელი გახლდათ, მომხრე კი მხოლოდ 101 იყო.

კონკრეტულად რა სახის შეიარაღების გადაცემას ითვალისწინებს დახმარების პაკეტი, ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება. სამხედრო ექსპერტების მოსაზრებით, დიდი ალბათობით, უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებთან ერთად, დიდი რაოდენობით ATACMS-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებიც გადაეცემა.