შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების გავრცელებული განცხადების თანახმად, აშშ-ში წარმატებით ჩაიარა ჰიპერბგერითი იარაღის გამოცდამ. რაკეტამ ფრენისას ბგერის სიჩქარეზე ხუთჯერ მაღალი შედეგი განავითარა.
ჰიპერბგერითი იარაღის გამოცდა გასულ კვირას, სამხრეთ კალიფორნიის სანაპიროსთან ჩატარდა. საჰაერო სწრაფი რეაგირების იარაღის (ARRW) გაშვება B-52 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენიდან განხორციელდა.
„ჰიპერბგერითი რაკეტის ბომბდამშენიდან გამოყოფის შემდეგ, საჰაერო სწრაფი რეაგირების იარაღის გამაძლიერებელი აალდა და მოსალოდნელი პერიოდის განმავლობაში იწვოდა. შედეგად განავითარა ჰიპერბგერითი სიჩქარე, რომელიც ხუთჯერ აღემატება ბგერის სიჩქარეს“ – ვკითხულობთ სამხედრო-საჰაერო ძალების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ჰიპერბგერითი იარაღის განვითარებაზე მხოლოდ შეერთებული შტატები არ მუშაობს. რუსეთმა ჰიპერბგერითი იარაღი სამხედრო სამიზნეებს უკრაინაში ესროლა. აშშ-ის სამხედრო ოფიციალური პირების ინფორმაციით, აღნიშნული იარაღი ჩინეთმაც გამოსცადა. თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო.