ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა უკრაინისთვის დამატებით 2 მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების გასაგზავნად ემზადება.
ახალი პაკეტი მოიცავს როგორ ანტისაარტილერიო იარაღებს, აგრეთვე შორი დისტანციის გამანადგურებელ რაკეტებს, ტყვია-წამალსა და საბრძოლო იარაღებს.
სამხედრო ექსპერტების შეფასებით, შორი დისტანციის რაკეტები უკრაინას არა მარტო თავდაცვის, არამედ შეტევაზე გადასვლის საშუალებასაც მისცემს, რათა ქვეყანამ რუსული სამხედრო ძალების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გამოხსნა და მათი უკან დაბრუნება შეძლოს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ საგრძნობლად იზრდება – აშშ-მა და გერმანიამ დასახმარებლად ტანკების გაგზავნის გადაწყვეტილებაც მიიღეს, რაც აქამდე არც კი განიხილებოდა.
მომდევნო საკითხი, რომელზეც ამჟამად მოკავშირეები მსჯელობენ გამანადგურებელი თვითმფრინავების გაგზავნაა, რაზეც ჯერჯერობით აშშ და დიდი ბრიტანეთი თავს იკავებენ.