აშშ უკრაინისათვის შორი მოქმედების ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გადაცემას გეგმავს

აშშ უკრაინისათვის შორი მოქმედების ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გადაცემას გეგმავს

მედიასააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის საზღვაო ბლოკადის მოსახსნელად, თეთრი სახლი უკრაინელებისათვის შორი დისტანციის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გადაცემაზე მუშაობს. თუმცა არსებობს საფრთხეც, რომ უფრო მძლავრმა იარაღმა, რომელსაც რუსული სამხედრო გემების ჩაძირვა შეუძლიათ, კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავოს.

უკრაინელებმა აშშ-სგან საზღვაო ბლოკადის მოსახსნელად და ხორბლისა და სხვა სოფლის მეურნეობის პროდუქციის კვლავ ექსპორტზე გასატანად უფრო მძლავრი შეიარაღება მოითხოვა.

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ უკრაინისათვის Harpoon-ის ტიპის ამერიკულ ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტებისა და ნორვეგიული Naval Strike Missile მოდელის შორი დისტანციის რაკეტების გადაცემას გეგმავს. უხეში დათვლებით, ორივე მოდელის თითო ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტის ღირებულება 1.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად შავი ზღვის საოპერაციო ზონაში 20-მდე რუსული სამხედრო-საზღვაო გემი და წყალქვეშა ნავი იმყოფება. საზღვაო ექსპერტების მოსაზრებით, რუსული საზღვაო ბლოკადის შესამსუბუქებლად Harpoon-ის ტიპის 12-დან 24-მდე ერთეული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა საკმარისი იქნება.

Harpoon-ის რაკეტის საოპერაციო დიაპაზონი სხვადასხვა კომპლექტაციის მიხედვით 120-დან 220 კმ-მდე მერყეობს. Kongsberg-ისა და Raytheon Technologies-ის ერთობლივად დამზადებული ნორვეგიული Naval Strike Missile-ის საოპერაციო დიაპაზონი კი 250 კმ-მდეა.

ცნობისთვის, საზღვაო ბლოკადის გამო უკრაინას ფაქტობრივად საგარეო ვაჭრობის სრულად შეჩერება მოუხდა. უკრაინა ხორბლის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია, თუმცა პორტების ბლოკადის გამო მარცვლეულის ექსპორტზე გატანაც ვერ ხერხდება.