ათი ქართული კომპანია საერთაშორისო მოდის კვირეულებში მონაწილეობს

ათი ქართული კომპანია საერთაშორისო მოდის კვირეულებში მონაწილეობს

ათი ქართული კომპანია Paris-ის, Milan-ის, Shanghai-ის, London-ისა და Singapore-საერთაშორისო მოდის კვირეულებში მიიღებს მონაწილეობას. ქართული მოდის სახლები 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის მოდის კვირეულის თანამდევ ღონისძიებებზე იქნებიან წარმოდგენილნი.

მოდის სექტორის ისეთ წამყვან ქალაქებში, როგორიცაა პარიზი, მილანი, შანხაი, ლონდონი და სინგაპური საქართველოს შემდეგი კომპანიები წარადგენენ: More is Love-ი, ANOUKI, KEBURIA, LALO, Nina Zarqua, Dalood-ი, LIYA, SITUATIONIST-ი, ESHVI, NeverNot-ი. პროექტი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებითა და ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობების მიერ დაფინანსებული პროგრამის „კლასტერები განვითარებისთვის“ პარტნიორობით განხორციელდება. კომპანიები სააგენტოს მიერ შემუშავებული კომპანიების შერჩევის კრიტერიუმებისა და თანადაფინანსების მექანიზმის საფუძველზე შეირჩა.

საერთაშორისო მნიშვნელობის შოურუმები მოდის კვირეულების ფარგლებში წელიწადში ოთხჯერ იმართება. შოურუმებზე ყოველწლიურად 100,000-მდე კომპანია, 130,000-ზე მეტი პროფესიონალი შემსყიდველი და პრესის წარმომადგენელი სტუმრობს.

შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს პარიზის მოდის კვირეულის გაზაფხული/ზაფხულის 2022 წლის კოლექციის ჩვენებაში მონაწილეობა ირაკლი რუხაძის SITUATIONIST-მა მიიღო. ბრენდის დებიუტი 2015 წელს „თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულზე“ შედგა. პარიზის მოდის კვირეულში მონაწილეობას დემნა გვასალიას Balenciaga-ც იღებს, რომლის The Simpsons-თან კოლაბორაციით გადაღებულ სპეციალურ სერიას საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.