Axel-ის საინვესტიციო კონფერენციაზე Forbes 30 under 30-ის პანელური დისკუსია გაიმართა

Axel-ის საინვესტიციო კონფერენციაზე Forbes 30 under 30-ის პანელური დისკუსია გაიმართა

28-30 ივნისს „აქსელმა“ – საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელმა, EBAN-ისა – ევროპის ბიზნესანგელოზთა ქსელის – და GBAN-ის – გლობალური ბიზნესანგელოზთა ქსელის – მხარდაჭერით, რიგით მესამე, მასშტაბური საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია – Investment Ecosystem Conference VOL.3 – გამართა. ღონისძიებამ საინვესტიციო სფეროთი დაინტერესებულ ასობით სტუმარს მოუყარა თავი.

28 ივნისი კონფერენციის არაოფიციალურ ნაწილს დაეთმო, მომდევნო დღეებში კი ოფიციალური შეხვედრები, დახურული საინვესტიციო სესიები და დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

მათ შორის, 29 ივნისს დახურული საინვესტიციო სესია ჩატარდა, რომელსაც მოწვეული სტუმრები, პორტფოლიო-სტარტაპები და დელეგატები დაესწრნენ. შეხვედრაზე პარტნიორმა ორგანიზაციებმა ანგელოზი ინვესტირებისა და ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარების პროცესზე, საქართველოს სამომავლო გეგმებსა და რეგიონულ ლიდერად ჩამოყალიბების პროცესის ფასილიტაციაზე ისაუბრეს.

ამავე დღეს პანელური დისკუსიები და პრეზენტაციები გამართეს თიბისი კაპიტალმა, Domino Ventures-მა, Sturgeon Capital-მა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საქართველოს საპენსიო ფონდმა, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ, Future Laboratory VC-მ, AZ Angels-მა, EBAN-მა, Gegidze Ventures-მა და სხვა პარტნიორებმა. მათ დამსწრე საზოგადოებას თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს და შემდეგ საკითხებზე იმსჯელეს: ვენჩურული კაპიტალის ფონდის პერსპექტივიდან დანახული მაღალი რისკის ინვესტიციები, თანაინვესტირების მნიშვნელობა და კავკასიის რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობები.

ინვესტიციის მოზიდვის მიზნით, პრეზენტაციები გამართეს ტექნოლოგიურმა სტარტაპებმა: Agronnect-მა , Wempler-მა , Medik-მა , Arena Games-მა და Translive-მა.

დახურული საინვესტიციო შეხვედრის შემდეგ, 18:30 საათიდან King David – Tribe-ში „აქსელმა“ ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპებისთვის ვორქშოპი ჩაატარა, რომელსაც Tal Catran-ი წარუძღვა. ამის შემდეგ კი, 20:00 საათიდან, არაოფიციალურ გარემოში ნეტვორქინგ საღამო გაიმართა.

30 ივნისს, კონფერენციის დასკვნითი ღონისძიება „ცისკარი გარდენში“, კუს ტბაზე ჩატარდა, რომელიც 18:00 საათზე Forbes Georgia-ს სესიით გაიხსნა. სცენა Forbes 30 under 30-ის ყოველწლიური სიის პანელის წარდგენასა და დისკუსიას სახელწოდებით “Driving Change”-ს დაეთმო.

შეგახსენებთ, Forbes 30 under 30 იმ 30 წლამდე ახალგაზრდა ლიდერების სიას აერთიანებს, რომლებიც ხვალინდელ დღეს ქმნიან და ქვეყანასა და მსოფლიოს უკეთესობისკენ ცვლიან.

სხვადასხვა სფეროში წარმატების საერთო მდგენელების იზოლირება პანელზე ტექნოლოგიური, კრეატიული და სპორტული ინდუსტრიის ახალგაზრდა ვარსკვლავებმა სცადეს: ლევან ლეფსვერიძემ – რეგიონში წამყვანი კრეატიული სააგენტო Leavingstone-ის თანადამფუძნებელმა და კრეატიულმა დირექტორმა; ანა რობაქიძემ – ქართული ტექნოლოგიური სტარტაპის, Theneo-ს დამფუძნებელმა; ანა კალანდაძემ – ყველაზე წარმატებულმა მოქმედმა ფრენბურთელმა ქალმა საქართველოში. დისკუსიას Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი შოთა დიღმელაშვილი გაუძღვა.

პანელური დისკუსიის პირველი ნაწილი დაეთმო საკითხს „ცვლილება და გავლენა“. ლევან ლეფსვერიძემ დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა, თუ რას ნიშნავს მისთვის „ცვლილება“ და როგორ ვლინდება ეს კონცეფცია Leavingstone-ში მის საქმიანობაში. ანა რობაქიძემ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რისი შეცვლა სურდა, როდესაც Theneo-ს შექმნა გადაწყვიტა. ანა კალანდაძემ კი კონფერენციის სტუმრებს გაუზიარა, თუ რა გზით მივიდა სპორტში ინოვაციამდე.

მეორე ნაწილი მიეძღვნა საკითხს „გამოწვევა ინოვაციისთვის“. ამ ნაწილში ლევანმა იმ დიდი გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რომლების გადალახვამაც ის საკუთარ სფეროში ინოვაციამდე მიიყვანა. ანა რობაქიძემ ციფრული ტრანსფორმაციის მომავალთან დაკავშირებით სესიაზე დამსწრეებს თავისი ხედვა გაუზიარა, ასევე ამ ტრანსფორმაციაში მისი სტარტაპის, Theneo-ს როლზე ისაუბრა. ანა კალანდაძემ კი მწირი რესურსებისა და მხარდაჭერის ნაკლებობის ფონზე გადალახულ გამოწვევებსა და ამ გზით სპორტში მწვერვალების დაპყრობაზე გაამახვილა ყურადღება.

პანელური დისკუსიის მესამე საკითხი „მომავლის ხედვა და მემკვიდრეობა“ გახლდათ. ლევანმა საზოგადოებას გაუზიარა, თუ რა მემკვიდრეობას დატოვებს Leavingstone-ში მუშაობით, ასევე კრეატიული ინდუსტრიის მომავლის შექმნაში საკუთარ წვლილზე ისაუბრა. ანამ სესიაზე დამსწრეებს გაანდო, ტექნოლოგიური მიღწევების მიღმა, როგორი გავლენის მოხდენას იმედოვნებს სოციუმზე Theneo-სთან, ან მომავალში დაფუძნებულ რომელიმე სხვა კომპანიასთან ერთად. ანა კალანდაძემ კი იმაზე ისაუბრა, თუ როგორ აღიქმება სპორტში მემკვიდრეობის ცნება – ეს არის მხოლოდ სპორტული მიღწევები თუ საზოგადოებაზე პოზიტიური გავლენის მაგალითი?

კონფერენციის დასკვნით ღონისძიებაზე კიდევ სამი სესია გაიმართა, რომელთა ფარგლებში სტუმრებმა ოთხი პანელური დისკუსია მოისმინეს ინვესტიციების, სტარტაპების, ტექნოლოგიური განვითარებისა და რეგიონული სტარტაპეკოსისტემის შესახებ. გარდა ამისა, 15-მდე სტარტაპის საინვესტიციო ფიჩი და Keynote გამოსვლები შედგა.