აზერბაიჯანის პარლამენტმა „საქართველოსთან თავდაცვითი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება“ დაამტკიცა. აზერბაიჯანულ სახელმწიფო მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას“ ხელი 2023 წლის 24 აპრილს ბაქოში მოეწერა. აზერბაიჯანის პარლამენტმა (მილი მეჯლისმა) კი ის განხილვის შემდეგ კენჭისყრაზე გაიტანა და საბოლოოდ დაამტკიცა.
გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება 13 პუნქტისაგან შედგება, რაც თავდაცვით და სამხედრო სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტს ითვალისწინებს.
დოკუმენტის მიზანი თავდაცვის სფეროში სტრატეგიულ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და გაძლიერება და მხარეების მიერ დანერგილი სამხედრო თანამშრომლობის პროგრამების განხორციელებისათვის პრაქტიკული საქმიანობით უზრუნველყოფაა.
2023 წლის 24 აპრილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძისა და მისი აზერბაიჯანელი კოლეგის შეხვედრაზე საუბარი შეეხო აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში თანამშრომლობის საკითხებსაც. ცნობისათვის, საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამმხრივი შეთანხმება 2018 წელს გაფორმდა.
ოფიციალური განცხადების თანახმად, მხარეებს შორის შეთანხმების გაფორმების გარდა, თავდაცვის მინისტრებმა სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები, საერთაშორისო სწავლებებსა და სამხედრო-საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობები განიხილეს.
ჯუანშერ ბურჭულაძის აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრასაც ითვალისწინებდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე რეგიონის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილებოდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანთან შეთანხმების შინაარსობრივ ნაწილზე ინფორმაციას არ ავრცელებს. აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი, მხარეები თანამშრომლობის ვალდებულებას ისეთ სფეროებში იღებენ, როგორიცაა: სამხედრო განათლება, სწავლებები და წვრთნები, თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა, სამშვიდობო და ჰუმანიტარული ოპერაციები, კიბერუსაფრთხოება და თანამშრომლობა კარტოგრაფიის სფეროში.
თავის მხრივ, აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირება საქართველოს პარლამენტში 2023 წლის 13 ივნისს მოხდა. საქართველოს პარლამენტში საკითხის შესახებ დეტალებზე თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ ისაუბრა და განმარტა, რომ თანამშრომლობა სამხედრო განათლების, ლოგისტიკის, სამხედრო მედიცინისა და სამხედრო კანონმდებლობის მიმართულებებს მოიცავს. გარდა ამისა, შეთანხმება ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობასაც ითვალისწინებს.
საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, განსაკუთრებით ისეთ სფეროში, როგორიც თავდაცვა და უსაფრთხოებაა, დიდ მნიშვნელობას იძენს. განსაკუთრებით კი იმის ფონზე, რომ აგრესორი სახელმწიფო საკუთარ გავლენებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კიდევ უფრო ზრდის. დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი შავ ზღვაში კიდევ ერთ სამხედრო-საზღვაო ბაზას სწორედ ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში გახსნის. სამხედრო ანალიტიკოსების მოსაზრებით, ოჩამჩირეში ბაზის გახსნა შესაძლოა ანექსირებული ყირიმის ნახევარკუძულზე, სევასტოპოლის საზღვაო ბაზის ალტერნატივასაც წარმოადგენდეს, რადგან ეს უკანასკნელი უკრაინული არტილერიის გაცხადებული სამხედრო სამიზნეა და იერიშებიც დიდი ინტენსივობით ხორციელდება. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის განთავსების ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.