Azernews: „სოკარი“ ევროპაში „ლუკოილის“ ბიზნესის შესყიდვითაა დაინტერესებული

Azernews: „სოკარი“ ევროპაში „ლუკოილის“ ბიზნესის შესყიდვითაა დაინტერესებული

Azernews-ის ცნობით, აზერბაიჯანული სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარი“ ბულგარეთში რუსული კომპანია „ლუკოილის“ ბიზნესის შეძენითაა დაინტერესებული. როგორც ადგილობრივი მედიასაშუალებები იუწყებიან, ბულგარეთში „ლუკოილის“ ბიზნესის შეძენის სურვილს რამდენიმე უცხოური კომპანია გამოთქვამს, მათ შორის ორი ამერიკული საინვესტიციო ფონდიც, თუმცა შესყიდვის მთავარ პრეტენდენტად სწორედ „სოკარი“ განიხილება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ლუკოილი“ ბულგარეთში თავისი ბიზნესის მომავლისთვის სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს. ერთ-ერთი გეგმით, კომპანიამ შესაძლოა ბალკანეთში უმსხვილესი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა „Lukoil Neftochim Burgas“-ი და ქვეყანაში ოპერირებადი, ბენზინგასამართი სადგურებისა და ნავთობის შესანახი ობიექტების ფართო ქსელიც გაყიდოს.

„ლუკოილი“ ბულგარეთში ამჟამად 220 ბენზინგასამართი სადგურითა და ნავთობის ცხრა ბაზითაა წარმოდგენილი. რეგიონში კი, როგორც თვითმფრინავების საწვავის მთავარ მიმწოდებელს, დომინანტური პოზიცია უკავია ნავთობის საწვავის წარმოებასა და შენახვაში.

საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით, ბულგარეთში ბიზნესის მომავალთან დაკავშირებით სხვადასხვა სტრატეგიის, მათ შორის ბიზნესის გაყიდვის შესახებ განცხადება თავად რუსულმა კომპანიამაც გაავრცელა. „ლუკოილმა“ გადაწყვეტილება ბულგარეთში კომპანიის სამუშაო პირობების ცვლილების გათვალისწინებით მიიღო.

ცოტა ხნით ადრე, ბულგარეთის ქალაქ ბურგასში მდებარე ნავთობგადამმუშავებელმა „Lukoil Neftochim Burgas“-მა წარმოების შეჩერების საფრთხეებზე ისაუბრა, რომელთაც 2024 წლიდან ნავთობპროდუქტების ექსპორტზე კვოტების გაუქმება გამოიწვევდა. წარმოების შეჩერების გარეშე რისკის შესამცირებლად ეფექტიანი გამოსავლის საპოვნელად, „ლუკოილმა“ ბულგარეთის მთავრობას დიალოგისკენაც მოუწოდა.