აზიამ მსოფლიოში უმსხვილესი სავაჭრო ბლოკი შექმნა – ჯგუფში 15 ქვეყანაა

აზიამ მსოფლიოში უმსხვილესი სავაჭრო ბლოკი შექმნა – ჯგუფში 15 ქვეყანაა

აზიის ქვეყნებმა მსოფლიოში უმსხვილესი სავაჭრო ბლოკი ჩამოაყალიბეს. ბლოკის შექმნას მხარს უჭერს ჩინეთიც.

რეგიონული ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის (RCEP) ბლოკს ხელი ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში გამართულ რეგიონალურ ონლაინ სამიტზე მოეწერა. ბლოკში შედის 15 ქვეყანა აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონიდან. სწორედ აღნიშნულ ქვეყნებზე მოდის გლობალური ეკონომიკის მესამედი. ქვეყნებს შორის კი არიან სამხრეთ კორეა, ჩინეთი, იაპონია, ავსტრალია და ახალი ზელანდიაც. ბლოკში არ შედის აშშ-ი, ვინაიდან 2017 წელს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობიდან (TPP) გასვლა გადაწყვიტა.

ახალი ეკონომიკური ბლოკის ფორმირებაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო, საბოლოოდ კი მას ხელი გუშინ, 15 ნოემბერს მოეწერა.

“RCEP მალე რატიფიცირებული იქნება ხელმომწერი ქვეყნების მიერ და ამოქმედდება, რომელიც პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის პროცესში თავის როლს ითამაშებს “, – განაცხადა ვიეტნამის პრემიერ-მინისტრმა ნგუენ სუან ფუკმა, რომელიც გუშინდელ ცერემონიალს ხელმძღვანელობდა.

ოფიციალური ვიეტნამის განცხადებით, RCEP მოიცავს გლობალური ეკონომიკის 30%-ს, ასევე მსოფლიო მოსახლეობის მესამედსაც და 2.2 მილიარდ მომხმარებელს.

როგორც ჩინეთის ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, ახალი ბლოკის ფარგლებში გაუქმდება ცალკეული ტარიფები ჯგუფში შემავალ ქვეყნებს შორის, მათ შორის ნაწილი დაუყოვნებლივ, ხოლო ნაწილი 10 წლის ვადაში. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *