საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, 1.46 მლრდ ლარით, 2.86%-ით გაიზარდა. შედეგად, დეკემბრის ბოლოსთვის მაჩვენებელმა 52.65 მილიარდი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.12%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
უფრო კონკრეტულად, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 933.50 მილიონი ლარით, 3.35%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 528.77 მილიონი ლარით, 2.27%-ით.
სებ-ის ინფორმაციით, დეკემბრის ბოლოსთვის კომერციული ბანკების მიერ რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობამ 8.79 მილიარდი ლარი, ხოლო უცხოური ვალუტით – 14.87 მილიარდი ლარი შეადგინა. პირველ შემთხვევაში წინა თვესთან შედარებით 6.03%-იანი ზრდა, მეორე შემთხვევაში კი 2.48%-იანი მატება დაფიქსირდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეკემბრის განმავლობაში 2.22%-ით, ანუ 590.97 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და თვის ბოლოსთვის 27.19 მილიარდი ლარი შეადგინა.
აქვე აღსანიშნავია, რომ დეკემბრის ბოლოსთვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 54.76% შეადგინა. ეს წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 0.26 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მონაცემია.