ქალაქები, სადაც ყველაზე მეტი მილიონერი ცხოვრობს

ქალაქები, სადაც ყველაზე მეტი მილიონერი ცხოვრობს

საკონსულტაციო ფირმა Henley & Partners-მა, New World Wealth-თან თანამრომლობით, მსოფლიოს უმდიდრეს ქალაქებზე უახლესი კვლევა წარადგინა. 2024 წლის ანგარიშით, მილიონერთა რაოდენობით რეიტინგის სათავეში ნიუ-იორკია, რომელსაც მეორე ადგილით სან-ფრანცისკოს ყურე (კალიფორნია) მოჰყვება.

ნიუ-იორკში, ბოლო მონაცემებით, 359,500 მილიონერი და 60 მილიარდერი ცხოვრობს. გასული ათწლეულის განმავლობაში, ნიუ-იორკში მილიონერ მოსახლეთა რაოდენობა, პანდემიისა და სიმდიდრის გადინების მიუხედავად, 48%-ით გაიზარდა. ნიუ-იორკის მოსახლეთა საერთო ქონება ამჟამად $3 ტრილიონს აღემატება, რაც მეტია ბრაზილიის, იტალიისა და კანადის მშპ-ზე.

ბოლო ათწლეულში 82%-ით გაიზარდა მილიონერთა რაოდენობა სან-ფრანცისკოს ყურეშიც და 305,700 ადამიანს მიაღწია. ანგარიშის თანახმად, სან-ფრანცისკოს ყურე ლიდერობს მილიარდერთა რაოდენობით – 68 მილიარდერი. ამერიკის შეერთებული შტატები კი რეიტინგში პოზიციებს ყოველწლიურად იმყარებს. წლევანდელი მონაცემებით, 50 უმდიდრესი ქალაქიდან თერთმეტი აშშ-ში მდებარეობს.

გასული ათწლეულის განმავლობაში ტექნოლოგიური სიმდიდრის ზრდამ, საფონდო ბირჟის ზრდისა და გარიგებების გავლენით, რეკორდული სიმდიდრე შექმნა. თუმცა გარკვეულმა ქალაქებმა რეიტინგში პოზიციებიც დაკარგეს. მათ შორისაა ათწლეულის წინ ყველაზე მდიდარი ქალაქი – ტოკიო, რომელიც ამჟამად მესამე ადგილზეა. იაპონიის დედაქალაქში მილიონერ მოსახლეთა რაოდენობა 5%-ით, 298,300 ადამიანამდე შემცირდა.

ლონდონი, ასევე მრავალი წლის განმავლობაში რეიტინგის ლიდერი, ამჟამად მეხუთე ადგილზეა. ლონდონის დაქვეითება რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია, მათ შორის იყო ბრექსიტი, რუსეთის სანქციები და სხვა პოლიტიკური ქმედებები, რამაც სიმდიდრის მიგრაცია შეანელა. ბოლო ათწლეულში გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში მილიონერთა რაოდენობა 10%-ით შემცირდა.

ათეულში პირველად მოხვდა ჩინეთი. პეკინის მილიონერ მოსახლეთა რაოდენობა უკანასკნელ ათ წელიწადში 90%-ით, 125,600 პირამდე გაიზარდა. მიუხედავად ამისა, გასულ წელს, ეკონომიკური ზრდის შენელებისა და რეგულაციების გავლენით, მილიონერთა რაოდენობა 4%-ით შემცირდა.

ჩინეთიდან სიმდიდრის გადინებით ისარგებლა სინგაპურმა და რეიტინგში ორი ადგილით დაწინაურდა. ბოლო ათწლეულში 64%-იანი ზრდით, სინგაპურში მილიონერთა რაოდენობამ 244,800 ადამიანს მიაღწია. მხოლოდ 2023 წელს სინგაპურში 3,400-ზე მეტი მილიონერი გადასახლდა.

Henley & Partners Group-ის მიხედვით, ყველაზე მეტი მილიონერით დასახლებული ქალაქების ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

  1. ნიუ-იორკი – 349,500 მილიონერი, 60 მილიარდერი
  2. სან-ფრანცისკოს ყურე – 305,700 მილიონერი, 68 მილიარდერი
  3. ტოკიო – 298,300 მილიონერი, 14 მილიარდერი
  4. სინგაპური – 244,800 მილიონერი, 30 მილიარდერი
  5. ლონდონი – 227,000 მილიონერი, 35 მილიარდერი
  6. ლოს-ანჯელესი – 212,100 მილიონერი, 43 მილიარდერი
  7. პარიზი & ილ-დე-ფრანსი – 165,000 მილიონერი, 23 მილიარდერი
  8. სიდნეი – 147,000 მილიონერი, 20 მილიარდერი
  9. ჰონგ-კონგი – 143,400 მილიონერი, 35 მილიარდერი
  10. პეკინი – 125,600 მილიონერი, 42 მილიარდერი