პრემიერიდან მხოლოდ 35 დღეში, ზაფხულის ბლოკბასტერი „ბარბი“, შიდა გაქირავებაში, წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა. შედეგად, გრეტა გერვიგის რეჟისორობით გადაღებულმა კინოსურათმა, „სუპერ მარიო ძმების ფილმს“ გადაასწრო, რომელიც კინოთეატრებში მიმდინარე წლის დასაწყისში გამოჩნდა.
Variety-ის მონაცემებით, შიდა გაქირავებაში, „ბარბის“ შემოსავალმა, ხუთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, $575.4 მილიონს მიაღწია. რაც შეეხება ვიდეოთამაშით ინსპირირებულ სუპერ მარიოს ფილმს, მან შიდა სალაროებში $574 მილიონი გამოიმუშავა. თუმცა, მეხუთე შაბათ-კვირას, „ბარბის“ პირველობა ახალგამოსულმა „ლურჯმა ხოჭომ“ ჩამოართვა, რომელმაც შიდა სალაროებში $25.4 მილიონი გამოიმუშავა, მაშინ როდესაც „ბარბის“ შემოსავალმა $21.5 მილიონი შეადგინა.
Box Office Mojo-ს მონაცემებით, 2023 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების ხუთეულში კი მომდევნო სამი პოზიცია ასეთია: „სპაიდერმენი: სამყაროთა შორის“ ($381 მილიონი), „გალაქტიკის მცველები 3“ ($359 მილიონი) და „პატარა ქალთევზა“ (297.2 მილიონი).
მოსალოდნელია, რომ „ბარბის“ შემოსავალი, „სუპერ მარიო ძმების ფილმს“, გლობალურადაც გადააჭარბებს. Variety-ს მონაცემებით, „ბარბის“ მიერ გლობალურად გამომუშავებული თანხა $1.3 მილიარდს აღწევს, ხოლო ვიდეოთამაშების გმირზე გადაღებულმა კინოსურათმა, გამოსვლის დღიდან, $1.35 მილიარდზე მეტის გამომუშავება შეძლო.
ცნობისთვის, „ბარბის“ წყალობით გრეტა გერვიგი პირველი რეჟისორი ქალი გახდა, რომლის ნამუშევარმაც სალაროებში $1 მილიარდს გადააჭარბა. გარდა ამისა, მხოლოდ გახსნის დღეს, 21 ივლისს, კინონამუშევარმა $70.5 მილიონი გამოიმუშავა და მიმდინარე წლის ყველაზე შემოსავლიანი პრემიერის სტატუსს დაეუფლა.
ჰომოსექსუალობის პროპაგანდის ბრალდებით „ბარბი“ აკრძალულია ალჟირში, ქუვეითსა და ლიბანში. ვიეტნამმა კი, ფილმი კინოგაქირავებიდან რუკის სცენის გამო ამოიღო, სადაც ჩინეთთან სადავო ტერიტორია სამხრეთი ჩინეთის ზღვაშია გამოსახული.