$1.76 მილიარდის ღირებულების პროდუქციის ექსპორტით თურქული სამხედრო-სამრეწველო კომპანია Baykar-ი ქვეყნის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ჰალუკ ბაირაქთარის განმარტებით, 2023 წელს თურქეთიდან ექსპორტირებული სამხედრო პროდუქციის 32% სწორედ Baykar-ის მიერ წარმოებულ უპილოტო საფრენ აპარატებზე Bayraktar TB-2-სა და Bayraktar Akinci-ზე მოდის.
საინტერესოა, რომ მთლიანობაში თურქეთის თავდაცვისა და ავიაციის ინდუსტრიის ექსპორტის მაჩვენებელმა გასულ წელს რეკორდულ ნიშნულს – $5.5 მილიარდს მიაღწია, რაც 2022 წლის მონაცემზე 27.1%-ით მეტია.
თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, აღნიშნული ზრდა პრეზიდენტ ერდოღანის დამსახურებაა, რომელიც ადგილობრივი წარმოების განვითარებას სხვადასხვა პროექტით უწყობს ხელს. მისივე განმარტებით, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში თურქეთმა 185 ქვეყანაში 230-მდე სახეობის სამხედრო პროდუქცია გაიტანა ექსპორტზე.
გასული წლის განმავლობაში ექსპორტზე ყველაზე დიდი რაოდენობით თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები, ჯავშანტრანსპორტიორები, საზღვაო პლატფორმები და ამუნიცია გავიდა.
მოსალოდნელია, რომ Baykar-ის საექსპორტო მაჩვენებელი წელს კიდევ უფრო გაიზრდება. ამის მიზეზი კი გასულ წელს საუდის არაბეთთან დადებული ქვეყნის ისტორიაში უმსხვილესი სამხედრო კონტრაქტია, რომელიც არაბული სახელმწიფოსთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებას ითვალისწინებს.