პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, უორენ ბაფეტის კომპანია Berkshire Hathaway–მ ორშაბათს განაცხადა, რომ ცვლის გეგმებს და ანტიმონოპოლიური კანონმდებლობით გამოწვეული პრობლემების გამო აღარ აპირებს $1.7 მილიარდად შეფასებული ბუნებრივი აირის დიდი გაზსადენის ყიდვას.
Oil Giant Dominion Energy–მ ნოემბერში Berkshire Hathaway–ის ენერგეტიკული მიმართულების ერთ–ერთ შვილობილ კომპანიას უკვე მიჰყიდა ბუნებრივი აირის გადამცემი აქტივების ნაწილი. Dominion–ის განცხადებით, ბაფეტის ფირმისათვის ისინი Questar–ის მილსადენების ბიზნესის მიყიდვასაც აპირებდნენ, მაგრამ გარიგების ეს ნაწილი ფედერალური სავაჭრო კომისიის მხრიდან წამოყენებული მოთხოვნების გამო გაუქმდა.
Questar-ი ძირითადად იუტის, კოლორადოსა და ვაიომინგის შტატებში ოპერირებს. ფედერალური სავაჭრო კომისიის შეშფოთება შესაძლოა იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ამავე რეგიონში საქმიანობს Berkshire Hatahway Energy-ს შვილობილი კომპანია PacifiCorp-ი, რომელიც ენერგეტიკულ კომპანია Rocky Mountain Power–ის მფლობელია, შესაბამისად, ამ გარიგებით ბაფეტის კომპანიის საბაზრო ძალაუფლება ამ რეგიონებში საგრძნობლად გაიზრდებოდა.
Dominion–ის განცხადებით, მათ ნოემბერში, გარიგების საწყისი ნაწილის დასრულების შემდეგ Berkshire Hathaway–სგან $1.3 მილიარდი ნაღდი ფული მიიღეს. მათ ასევე განაცხადეს, რომ Berkshire Hathaway–თან საბოლოო შეთანხმების შემდეგ ისინი Questar–ის $430-მილიონიანი სესხის გადარიცხვას აპირებდნენ.
ახლა, როდესაც Questar–ის ბაფეტის კომპანიისათვის მიყიდვა დღის წესრიგიდან მოიხსნა, Dominion–ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია იწყებს კონკურენტულ პროცესს სხვა მსურველებთან და იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე რომელიმე კომპანიასთან გარიგებას მიაღწევს.
მილსადენის მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც კომპანიათა გაერთიანების საკითხების განხილვას გულისხმობს, მათ შორის უკვე დასრულებული გარიგებების გადახედვასაც. ეს ნაბიჯი აშშ–ის ბაზრის გაჯანსაღებისა და კონკურენციის გაზრდის მიზნით გადაიდგა.
Questar–ის ტრანზაქციის გაუქმებამ Berkshire–ს, ფართო კონგლომერატს, უმნიშვნელო დარტყმა მიაყენა. ის ფლობს ისეთ ბიზნესებს როგორიცაა: Geico, Dairy Queen-ი, Duracell and Fruit of Loom-ი და სხვა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში Berkshire–ის ენერგეტიკულმა შვილობილმა კომპანიამ $4.8 მილიარდი ენერგეტიკული რესურსი გაყიდა, რაც კომპანიის მთლიანი გაყიდვების მხოლოდ 7.5%–ია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკული ბიზნესი ფირმის მომავლისათვის სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია.