მილიარდერი ჯეფ ბეზოსი კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლისთვის 10 მლრდ დოლარის გამოყოფის პირობას დებს, რაც მისი ქონების დაახლოებით 10%-ია.
ამის შესახებ Amazon-ის დამფუძნებელი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანია, Instagram-ზე წერს. ახალ ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც ბეზოსი აპირებს კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლას “ბეზოსის დედამიწის ფონდი” ჰქვია.
“დღეს მე აღელვებული ვაცხადებ, რომ ვაარსებ ბეზოსის დედამიწის ფონდს”, – დაწერა მან. მისივე თქმით, საჭირო გრანტების გამოყოფას მიმდინარე ზაფხულს დაიწყებს.
აღსანიშნავია, რომ დედამიწის ფონდი ბეზოსის ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო აქტივობაა, ის ამ დრომდე არაერთხელ გაუკრიტიკებიათ იმის გამო, რომ ძალიან მცირე თანხას ხარჯავდა ქველმოქმედებაში.
“კლიმატური ცვლილებები უდიდესი საფრთხეა ჩვენი პლანეტისთვის. მე მინდა სხვებთან ერთად ვიმუშავო იმისათვის, რომ გავაფართოვოთ უკვე არსებული გზები და ასევე აღმოვაჩინოთ ახალი გზები კლიმატური ცვლილებების ზეგავლენასთან ბრძოლისთვის ამ პლანეტაზე, რომელსაც ჩვენ ვინაწილებთ”, – განაცხადა ბეზოსმა.
Forbes-ის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი სწორედ ბეზოსია, მისი ქონება $129.9 მლრდ-ს შეადგენს. ის Amazon-ის 12%-ს ფლობს, რომელიც მან 1994 წელს დააარსა. ასევე ბეზოსი ფლობს გავლენიან ამერიკულ გამოცემა Washington Post-ს.