ამერიკელი მილიარდერის, ჯეფ ბეზოსის მიერ დაფუძნებული კომპანიის, Blue Origin-ის განცხადებით, 2-წლიანი პაუზის შემდეგ კოსმოსში ტურისტებს კვლავ გაგზავნიან. Blue Origin-ის ხომალდი New Shepard-ი კვირას, ტეხასიდან აფრინდება.
ხომალდზე ექვსი სამოქალაქო პირი განთავსდება, მათ შორის 90 წლის მოქანდაკე ედ დუაითი. ცნობისთვის, დუაითი კოსმოსურ ისტორიაში უკვე მოხვედრილია. 1961 წელს აღნიშნული პიროვნება პირველი შავკანიანი ასტრონავტობის კანდიდატი გახდა. თუმცა, სამწუხაროდ, ედ დუაითს ცხოვრების განმავლობაში კოსმოსურ მისიაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა არ მიეცა. დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ, ის ყველაზე ასაკოვანი ადამიანი იქნება, რომელიც კოსმოსშია ნამყოფი.
კვირას დაგეგმილი გაშვება Blue Origin-ის კოსმოსური ტურიზმის პროგრამისთვის ხელახალი სიცოცხლის მიცემა იქნება. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის აგვისტოში კომპანიამ საკუთარი უპილოტო ხომალდი New Shepard-ი სატესტოდ კოსმოსში გაუშვა, თუმცა შუა ფრენისას ხომალდი მწყობრიდან გამოვიდა. აღნიშნულ ინციდენტს აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციაც იძიებდა. ინციდენტის გამო, ჯეფ ბეზოსის კომპანიას ტურისტული დანიშნულების კოსმოსური ფრენები ამ დრომდე შეჩერებული ჰქონდა. თუმცა, როგორც ჩანს, Blue Origin-ი მზადაა, კვლავ აიღოს პასუხისმგებლობა მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვანაზე. ინციდენტამდე New Shepard-ი კოსმოსში წარმატებით 6-ჯერ გაფრინდა.
კვირას დაგეგმილი გაშვება კომპანიის მე-7 ტურისტული კოსმოსური ფრენა იქნება. ჯამში, Blue Origin-ს ტურისტული მიზნით კოსმოსში 37 ადამიანი ეყოლება გაყვანილი. ცნობისთვის, Blue Origin-ი ტურისტებს კოსმოსის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მოგზაურობას სთავაზობს, რაც დედამიწის ზედაპირიდან 100 კილომეტრის სიმაღლეზე აყვანას გულისხმობს. Blue Origin-ის ხომალდზე ტურისტული ბილეთის ღირებულება $200,000-ის ფარგლებშია.