ბეზოსმა უსახლკაროთა დასახმარებლად დამატებით $110 მილიონი გაიღო

ბეზოსმა უსახლკაროთა დასახმარებლად დამატებით $110 მილიონი გაიღო

Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში უსახლკაროების დასახმარებლად დამატებით $110.5 მილიონი გაიღო. შემოწირულება ჯამში 40 არაკომერციულ ორგანიზაციას ბეზოსის ფონდის, Day 1 Families Fund-ის მეშვეობით გადაეცემა.

ბეზოსის ქველმოქმედების ფარგლებში ორგანიზაციები $425,000-დან $5 მილიონამდე დაფინანსებას მიიღებენ. უმსხვილეს ბენეფიციარებს შორის არიან Welcome House-ი და Jenesse Center-ი. თითოეული მათგანი ბეზოსის მიერ გაღებული თანხიდან $2.5-2.5 მილიონს მიიღებს.

ბეზოსის Day 1 Fund-მა 2018 წელს, უსახლკარო ოჯახების დასახმარებლად, $2 მილიარდის უზრუნველყოფის პირობა დადო. საქველმოქმედო ფონდს ამ დროისთვის $749 მილიონი აქვს გაცემული.

უახლესი შემოწირულების წყალობით, ბეზოსის მიერ მთელი ცხოვრების განმავლობაში ქველმოქმედებისთვის გაღებული თანხა $3.5 მილიარდს აღწევს. ეს თანხა დაახლოებით იმდენია, რამდენიც ბეზოსმა მხოლოდ ამ თვეში, Amazon-ის აქციების ნაწილის გაყიდვიდან მიიღო.

National Alliance to End Homelessness-ის მონაცემებით, აშშ-ში უსახლკაროთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 12%-ით გაიზარდა. ეს ყველაზე დიდი მატებაა მას შემდეგ, რაც 2007 წელს ორგანიზაციამ მონაცემების შეგროვება დაიწყო.

უსახლკარობის ზრდამ განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიაყენა ოჯახებს: ოჯახები ამჟამად უსახლკარო მოსახლეობის დაახლოებით მესამედ შეადგენენ. ბეზოსის Day 1 Fund-ი სწორედ უსახლკარო ოჯახების დახმარებასა და მათთვის გადაუდებელი თავშესაფრის უზრუნველყოფაზეა ფოკუსირებული.

ამერიკული Forbes-ი Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ქონებას $218.8 მილიარდად აფასებს. ბეზოსი ამ დროისთვის მსოფლიოს მესამე უმდიდრესი ადამიანია.