მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-ი ამერიკულ მედიაჰოლდინგ Forbes-ში $200მილიონიან ინვესტიციას განახორციელებს. ამის შესახებ კომპანიამ ინფორმაცია დღეს გაავრცელა.
თავად Forbes-ი ე.წ. SPAC-ის გზით ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე გასვლას გეგმავს. გასული წლის ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ კომპანია საფონდო ბირჟაზე $400 მილიონი დოლარის ღირებულების აქციებს გაიტანდა. თუმცა, დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ამ $400 მილიონიდან Binance-ი $200 მილიონის ღირებულების წილს შეიძენს.
საფონდო ბირჟაზე გასვლა 2022 წლის პირველ კვარტალში არის დაგეგმილი. ბირჟაზე კომპანიის აქციები FRBS-ის სტიკერით ივაჭრება.
გარიგების შედეგად, Binance-ის კომუნიკაციების დირექტორი პატრიკ ჰილმანი, ასევე ვენჩურული ინვესტიციების დეპარტამენტის უფროსი ბილ ჩინი Forbes-ის დირექტორთა საბჭოს წევრები გახდებიან.
Binance-მა დღესვე მედიასთან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ Forbes-ის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა გარანტირებული იქნება.
მხარეებს შორის ნასყიდობის გარიგება მარტში დაიხურება.