რუსული ბიზნესის CommEX-ისთვის მიყიდვით, მსოფლიოს უმსხვილესმა კრიპტობირჟა Binance-მა ქვეყნის ბაზარი საბოლოოდ დატოვა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომავლის პერსპექტივაში, რუსეთის ტერიტორიაზე ოპერირების გაგრძელება თავსებადობაში არ მოდის Binance-ის შესაბამისობის სტრატეგიასთან. გარიგების ფინანსური პირობები უცნობია.
სეიშელის კუნძულებზე დაფუძნებული კრიპტობირჟა CommEX-ი ოფიციალურად ხუთშაბათს გაეშვა. ორივე, როგორც CommEX-ი, ასევე Binance-ი, პლატფორმების სამართავად, ჰონგ–კონგის კანონს იყენებენ. CommEX-ს მომსახურების პირობების თანახმად, კრიპტობირჟას მისი სერვისის შეთავაზება ეკრძალება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში, ასევე სინგაპურში, ირანში, კუბაში, სირიაში, ჩრდილოეთ კორეასა და ყირიმში.
ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი, რუსეთის სანქციების შესაძლო დარღვევის საკითხზე, Binance-ის წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებს. შტატები იკვლევს, გამოყენებული იქნა თუ არა მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟა, რუსების მიერ უკრაინის ომის გამო დაწესებული სანქციების გვერდის ავლისა და თანხების გადატანისთვის. მიმდინარე თვეში Binance-ი რუსული ბიზნესის სათავეში მყოფმა ორმა აღმასრულებელმაც დატოვა.
Binance-ი და მისი დამფუძნებელი ჩანპენგ ჭაო, გასული წლის განმავლობაში, მარეგულირებლების ინტენსიური შემოწმების ობიექტი იყვნენ. მათ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა როგორც ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ, ასევე სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიამ (CFTC). კრიპტობირჟის განცხადებით, მას გლობალურად 150 მილიონზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს, თუმცა მისი ბაზრის წილი მარტში, სწორედ CFTC-ის მიერ საჩივრის შეტანის შემდეგ შემცირდა.
რუსეთის ტერიტორიაზე კრიპტოვალუტითა და ციფრული აქტივებით გადახდები აკრძალულია. მიუხედავად ამისა, რუსეთის მოქალაქეებსა და კომპანიებს, საზღვარგარეთ თანხების გადარიცხვისა და უცხოეთიდან თანხების მისაღებად, ოფშორული კრიპტოპლატფორმების გამოყენება შეუძლიათ.