ბიტკოინის ფასი $90,000-ს უახლოვდება - რა იწვევს უმსხვილესი კრიპტოვალუტის გაძვირებას?

ბიტკოინის ფასი $90,000-ს უახლოვდება - რა იწვევს უმსხვილესი კრიპტოვალუტის გაძვირებას?

მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასი ზრდას აგრძელებს და $90,000-იან ნიშნულთან ახლოსაა. ამჟამად ბიტკოინის ღირებულება $87,138-ია, თუმცა რამდენიმე საათის წინ $89,900-ს აჭარბებდა. კრიპტოვალუტის ღირებულება 5 ნოემბრის შემდეგ დაახლოებით 25%-ითაა გაზრდილი.

ფინანსურ ანალიტიკოსებს უჭირთ იმის პროგნოზირება, თუ სადამდე შეიძლება გაიზარდოს ბიტკოინის ღირებულება. თუმცა კრიპტოვალუტის ფასის ზრდის პარალელურად, იმატებს მისი შემცირების ალბათობაც.

ამჟამად მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაცია $1.74 ტრილიონს შეადგენს, მიმოქცევაში კი 19.78 მილიონი ერთეული ბიტკოინია.

კრიპტოანალიტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ ბიტკოინის ფასის ზრდა, ძირითადად, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებითაა განპირობებული. შეგახსენებთ, ტრამპს შეერთებული შტატების „მსოფლიოს კრიპტო-დედაქალაქად“ ქცევა სურს. გარდა ამისა, მისი ინიციატივით ბიტკოინის ეროვნული მარაგიც უნდა შეიქმნას.

თუმცა სფეროს ექსპერტების ნაწილის აზრით, ბიტკოინის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი ჰალვინგის ციკლსაც მიუძღვის. მათი მტკიცებით, ჰალვინგის გამო ამჟამად მიწოდების შოკია შექმნილი – მიწოდება მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, რაც ფასის ზრდას იწვევს.