დაბალხარჯიანი ავიაკომპანია Ryanair აცხადებს, რომ ის კვლავ გამოწვევებით სავსე ფაზაში იმყოფება და ფისკალურ წელს, სავარაუდოდ, მცირე ან დიდი ზარალით დაასრულებს. ირლანდიური კომპანია აპრილისა და ივნისის შუალედში 273 მილიონი ევროს ოდენობის ზარალის შესახებ იტყობინება, რაც გამოწვეული იყო აღდგომის პერიოდის ფრენების გაუქმებითა და ევროპელი ხალხის სიფრთხილით სამოგზაურო შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე.
აღნიშნული მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ. ცნობისათვის, კომპანიამ წინა წლის პირველ კვარტალში 185 მილიონი ევრო იზარალა. ირლანდიური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ ო’ლირის განცხადებით, კოვიდ-19 კვლავ აგრძელებს ბიზნესისათვის გამანადგურებელი შედეგების მოტანას.
გარდა ამისა, კომპანიას საოპერაციო ხარჯებიც გაეზარდა. წლის დასაწყისიდან ივნისამდე აღნიშნული ხარჯები 116%-ით გაიზარდა. ამის მიზეზს კი მეტწილად საწვავის, აეროპორტისა და გზის ხარჯები წარმოადგენს. თუმცა კომპანიაში იმედოვნებენ, რომ აგვისტოს ბოლოსათვის ავიაბილეთებზე მოთხოვნა დაახლოებით ორჯერ გაიზრდება.
მაგრამ ეს ყველაფერი ვირუსის გავრცელებასა და ვაქცინაციის ტემპზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. ბოლო მონაცემების მიხედვით, ევროკავშირის ზრდასრული მოსახლეობის 46% სრულადაა ვაქცინირებული. გაერთიანებულ სამეფოში კი იგივე მაჩვენებელი 54.4%-ია.
საინტერესოა ისიც, რომ ზარალის მიუხედავად Ryanair-ის აქციათა ფასები 42%-ითაა გაზრდილი წინა წელთან შედარებით. შეგახსენებთ, რომ პანდემიამ ავიაკომპანიებს განსაკუთრებით დიდი ზარალი მიაყენა. თვეების განმავლობაში საერთაშორისო რეისები თითქმის სრულად შეჩერებული იყო, რის გამოც უდიდესმა ავიაკომპანიებმა მილიარდობით დოლარი იზარალეს.