ბიზნესად ქცეული დიდი სიყვარული

ბიზნესად ქცეული დიდი სიყვარული

“ბრავო რექორდსი” ხარისხიანი საქმიანობის 7 წელს ითვლის. მთავარი წარმატება იანვარში ნიუ-იორკში გამართულ “გრემის” დაჯილდოებაზე მოვიდა. “რეზიდენტეს” ალბომმა გამარჯვება მოიპოვა ნომინაციაში “საუკეთესო ლათინური როკი, ურბანი ან ალტერნატიული ალბომი”. ამ ალბომში შესული ერთ-ერთი სინგლი, “ომი”, სწორედ “ბრავო რექორდსში” ჩაიწერა.

ბრავო რექორდსის ისტორია 7 წლის წინ, ზაზა შენგელიას მუსიკისადმი დიდი სიყვარულით დაიწყო. უკრავდა უნივერსიტეტის ბენდში, აგროვებდა მუსიკალურ ჩანაწერებს, ჯერ კიდევ 80-იანი წლების დასაწყისში მან პირველმა ჩაატარა სტუდენტური როკფესტივალი, სადაც გაიცნო და დაუმეგობრდა თავის მომავალ ბიზნესპარტნიორს, მამუკა ხაზარაძეს, რომელიც პოლიტექნიკური ინსტიტუტის ერთ-ერთ როკანსამბლში უკრავდა გიტარაზე. შემდგომ უკვე მამუკა ხაზარაძის დახმარებით ზაზამ ოცნებაც აიხდინა: გააკეთეს ნამდვილი ხმის ჩამწერი ლეიბლი “ბრავო რექორდსი” და ჰობიც ბიზნესად იქცა. მუსიკის დაწერა, ჩაწერა, დისტრიბუცია, საავტორო უფლებების დაცვა, კონცერტების ორგანიზება, ტალანტების აღმოჩენა, მუსიკალური ვიდეოფროდაქშენის წარმოება და სხვა. საქართველოს სჭირდებოდა ორგანიზაცია, რომელიც ამ ყველაფერს ხარისხიანად გააკეთებდა და 7 წლის თავზე შედეგმაც არ დააყოვნა – “გრემი” და ამერიკული აღიარება. 28 იანვარს, ნიუ-იორკში გამართულ “გრემის” დაჯილდოებაზე ლათინორეპერ “რეზიდენტეს” ალბომმა გამარჯვება მოიპოვა ნომინაციაში “საუკეთესო ლათინური როკი, ურბანი ან ალტერნატიული ალბომი”. ამ ალბომში შესული ერთ-ერთი სინგლი “ომი” კი, არც მეტი, არც ნაკლები, “ბრავო რექორდსში” ჩაიწერა.

მსოფლიოში ათასობით ხმის ჩამწერი ლეიბლი არსებობს, თუმცა ეს ინდუსტრია ჯერ კიდევ განვითარების გზას ადგას. 1977 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ცნობილი ხმის ჩამწერი რამდენიმე ლეიბლის შემოსავლები ასე გამოიყურებოდა: ამერიკული კომპანია CBS-ის შემოსავალი 770 მილიონ დოლარს შეადგენდა, დიდი ბრიტანული კომპანია EMI-ის შემოსავალი – 750 მილიონი დოლარი გახლდათ, იგივე შემოსავალი აჩვენა გერმანულმა Poligram-მა. 2017 წლისათვის ამ ინდუსტრიის შემოსავლების წილი მსოფლიოში 19,1 %-ით გაიზარდა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, მაგრამ იშოვო ფული ქვეყანაში, სადაც ყოველდღე გქურდავენ, თუმცა სამართალდამცველებს ამაზე რეაქცია არა აქვთ, ძალიან ძნელია. კანონს არ იცავს საქართველოში არც სახელმწიფო და არც მოქალაქე. ჩვენს ქვეყანაში ყველაზე რეიტინგული საიტები არალიცენზირებულ მუსიკასა და ფილმებს ავრცელებენ – არც ისინი ისჯებიან. შესაცვლელია ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონი, რომელიც უდავოდ მოძველებულია, თუნდაც იმიტომ, რომ ინტერნეტის არარსებობის დროს დაიწერა. სხვაგვარად ის ინვესტიცია, რომელსაც Bravo Records-ი და მისნაირი ორგანიზაციები სხვადასხვა კომპანიისგან ლიცენზიის ყიდვისას ახორციელებენ, წყალში გადაყრილი აღმოჩნდება. ეს ინდუსტრია ბევრად მოგებიანი გახდება, როცა გავუფრთხილდებით ერთმანეთის საკუთრებას, თუნდაც არამატერიალურს. “ბრავო რექორდსი” დღესდღეობით, ტექნიკური მაჩვენებლებითა და პროფესიონალთა გუნდით, საუკეთესოა როგორც საქართველოში, ისე მთელ ამიერკავკასიაში.

“ბრავო რექორდსის” გარდა, ზაზა შენგელიას უმუშავია როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში. იგი პირველი დამოუკიდებელი ტელევიზიის, “იბერვიზიის” ერთ-ერთი შემქმნელია. იმ ტელევიზიის, რომელმაც ძალიან რთული პერიოდი გამოიარა და დამოუკიდებლობააღდგენილი, ახალი საქართველოს ისტორიაში თავისი სიტყვა თქვა. ასევე მისი უშუალო ხელმძღვანელობით დაფუძნდა საერთაშორისო სატელევიზიო ფესტივალი “მანა”, რომელმაც ქართულ ტელესივრცეში მოღვაწე მრავალ ახალგაზრდა ტელეჟურნალისტს მისცა საკუთარი ნიჭის გამოვლენის საშუალება. გარკვეული პერიოდი, ნიკო ლეკიშვილის მოწვევით, მუშაობდა თბილისის ვიცე- მერად, იყო სახელმწიფო მინისტრის მოადგილეც. ალბათ ყველაზე რთული და დასამახსოვრებელი იყო სახელმწიფო ტელერადიოკორპორაციაში ზაზა შენგელიას თავმჯდომარედ მუშაობის პერიოდი, რადგან ძალიან მტკივნეული და მძიმე რეფორმების გატარება მოუწია, რაც გულისხმობდა პერსონალის ოპტიმიზაციას, სტრუქტურის სრულყოფას, და, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ტელევიზიის შექმნას. შემდგომ უკვე კერძო სექტორში ინაცვლებს. იმ პერიოდში განსაკუთრებული ბუმი იყო საგზაო მშენებლობის სფეროში, ამიტომ მეგობრებთან ერთად Black Sea Group-ში მუშაობდა. კომპანიას აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მობილური საწარმო- ტექნოლოგიური ბაზები, კერძოდ, ასფალტის ქარხნები, სტაციონარული და მობილური ქვის სამტვრევი დანადგარები, ბეტონის ქარხნები, ქვაფენილებისა და ბორდიურების საამქრო და ა.შ. პარალელურად კიდევ ერთი ბიზნესპროექტი განახორციელა მამუკა ხაზარაძესთან ერთად, ეს გახლავთ Hard Rock Cafe. ძალიან ცნობილი მსოფლიო ქსელი დღესდღეობით 59 ქვეყანაშია წარმოდგენილი რესტორნების, სასტუმროებისა და კაზინოების სახით. Hard Rock Cafe პირველად ამერიკელებმა ლონდონში 1971 წელს გახსნეს. კაფეების ქსელი უნიკალურია თავისი ინტერიერით. განსაკუთრებულ დიზაინში კედლებზე გამოფენილ ყველა იმ ნივთს ვგულისხმობთ, რომლებიც როკმუსიკასთან არის დაკავშირებული. მოგვიანებით კაფეების ქსელს პოპულარობა მუსიკალურმა რელიკვიებმა, ცნობილი მუსიკოსების ინსტრუმენტებმა და სუვენირებმა მოუტანა. Hard Rock Cafe დღემდე ძალიან აქტუალურია – ის მუსიკალურ სფეროში დასაქმებული ადამიანების შთაგონების წყაროდ იქცა. ზაზა შენგელიასთან ყველა ამ მიმართულებაზე დეტალურად ვისაუბრეთ.

Hard Rock Cafe-თი დავიწყოთ. როგორ შეაფასებდით, ბატონო ზაზა, ამ ბიზნესს საქართველოში? არის თუ არა პრობლემები ამ მიმართულებით და რამდენად კონკურენტული გარემოა საქართველოში?

ვფიქრობ, რომ Hard Rock Cafe არის ბრენდი, რომელიც ძალიან სჭირდება ქალაქს. ეს ბრენდი ცნობილია მთელ მსოფლიოში და თანაც ძალიან მოდურია. უცხოელი ვიზიტორები, ტურისტები, ქართული კერძების დაგემოვნების შემდეგ, როცა მათ ნაცნობი კერძები მოენატრებათ, რასაც შეჩვეულები არიან და უყვართ, სწორედ ჩვენს კაფეს მოაკითხავენ ხოლმე – ეს გარემო მათთვისაა. მოგეხსენებათ, რომ Hard Rock Cafe-ს მენიუ მთელ მსოფლიოში უნიფიცირებულია, ზუსტად იგივე მენიუა, რაც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის Hard Rock Cafe-ში. ამიტომაც ძალიან ბევრი უცხოელი დადის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ბიზნესმენები, რა თქმა უნდა, ქართველებიც. რაც შეეხება თვითონ ამ ბიზნესს, საკმაოდ კარგი ბრუნვა აქვს, თუმცა ჩვენს შემთხვევაში, გაუმართლებლად დიდი პირველადი ინვესტიცია განვახორციელეთ, რაც დღესდღეობით მხრებზე გვაწევს. თბილისისთვის არაპროპორციულად დიდი კაფე გავაკეთეთ, არ იყო ამხელა საჭირო. უფრო პატარაც საკმაოდ კარგად იმუშავებდა.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი თქვენი კარიერიდან იყო კომპანია Black Sea Group-ი, რომლის ერთ- ერთი პარტნიორიც იყავით. რატომ შეელიეთ ამ კომპანიას მაშინ, როდესაც ეს სფერო საკმაოდ მოგებიანი ბიზნესია და სახელმწიფო საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავს ამ მიმართულებით?

მე არასოდეს ვყოფილვარ Black Sea Group-ის დამფუძნებელი. მიუხედავად იმისა, რომ ამის შეთავაზება ბევრჯერ მქონდა, მაინც ავარიდე თავი. რეალურად ჩემთვის ეს გარკვეულ რისკებთან იყო დაკავშირებული. მე ჩემს მეგობრებს, ამ კომპანიის დამფუძნებლებს ვეხმარებოდი სტრუქტურის დალაგებაში, სამუშაო აღწერილობაში, მართვის სისტემის გაუმჯობესებაში და ა.შ. ეს შემდგომ ძალიან წაადგა ამ კომპანიას, მაგრამ რაც შეეხება დამფუძნებლად შესვლას, ეს არ არის ჩემი მოწოდება, ჩემი საქმე. მე უბრალოდ მათ ვეხმარებოდი რამდენიმე წელი. საკმაოდ დიდი შრომა გაიწია და მე ვამაყობ ამ პერიოდით, რადგან აბსოლუტურად სხვა სფეროში გამოვცადე ჩემი თავი და მივხვდი, რომ თუკი მენეჯერის თვისებები გაქვს, ნებისმიერ სფეროში შეიძლება გამოგადგეს. თუმცა სპეციფიკა აბსოლუტურად უცხო იყო ჩემთვის. ვერ გავრისკე ჩემთვის უცხო სფეროში შესვლა. ვამაყობ და მუდმივად ვიამაყებ ამ კომპანიით, რადგან Black Sea Group-ი ის კომპანიაა, რომელსაც ბევრი რამის გადატანა მოუხდა. და დღეს ნომერ პირველი კომპანიაა საგზაო მშენებლობის სფეროში.

თქვენ იყავით Eastern Promotion-ის პარტნიორი და შემდეგ დაუპირისპირდით ამავე კომპანიის კიდევ ერთ პარტნიორს, კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძეს, რა იყო ამ დაპირისპირების მიზეზი? კულტურის მინისტრს ბაზარზე მოთამაშე კერძო ბიზნესის დაბლოკვაში ადანაშაულებდით…

ალბათ ინტერესთა კონფლიქტი. ჩვენ დაახლოებით 11-12 წელი ვიყავით ერთად Eastern Promotion-ის დამფუძნებლები. Eastern Promotion- მდე არსებობდა კომპანია “სინკოპა პლუსი”, რომელიც მე და ჩემმა მეგობარმა ვათა ჯორჯიკიამ დავაფუძნეთ. დამოუკიდებელ საქართველოში, რომელიც ჯერ კიდევ გამოდიოდა სამოქალაქო ომისა და აფხაზეთის კონფლიქტის შოკიდან, პირველად სწორედ “სინკოპა პლუსის” სახელით ჩამოვიყვანეთ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც იყვნენ ტანია მარია, შემდგომ კი რეი ჩარლზი. მხოლოდ “სინკოპა პლუსის” დახურვის შემდგომ გავხდი Eastern Promotion-ის დამფუძნებელი. ძალიან ვამაყობ ამ წლებით, გამორჩეული პერიოდი იყო იმ თვალსაზრისით, რომ დაინერგა დიდი სიყვარული ამერიკული პოპკულტურის, განსაკუთრებით ჯაზის მიმართ, თან მაშინ ისეთი პერიოდი იყო, ბაზარზე მძლავრად იყო წარმოდგენილი რუსული “პაპსა”. ჩვენ მოგვიწია მასის გემოვნების შეცვლა, რისთვისაც საკმაოდ დიდი შრომა და ჯაფა გავწიეთ. შემდგომში გარკვეული ინტერესთა კონფლიქტი გაჩნდა, დავტოვე კომპანია, ჩემთან ერთად კომპანიიდან კიდევ ერთი პარტნიორმა წამოვიდა.

კულტურის მინისტრს ბაზარზე მოთამაშე კერძო ბიზნესის დაბლოკვაში ადანაშაულებდით…

დიახ, საუბარია იმაზე, რომ საქართველო ძალიან პატარა ბაზარია. გამომდინარე იქიდან, რომ ეს სფერო არ არის მოგებიანი, მუსიკაში მომუშავე ადამიანები ძალიან დიდი ენთუზიაზმით გამოვირჩევით. “ბრავო რექორდსის” ინვესტიცია დაახლოებით 800,000 დოლარს შეადგენდა, ასევე მინდა დავასახელო “ალტერ ვიჟენი”, რომლის დამფუძნებლებიც, იმისთვის, რომ ფესტივალები ჩაატარონ, ყოველწლიურად საკუთარ ბინებსა და მანქანებს აგირავებენ. 2017 წელს სწორედ “ოფენ ეარი” იყო მიჩნეული წლის ფესტივალად და ამის საპირისპიროდ ფესტივალი, რომელსაც Eastern Promotion-ი ატარებს, უკვე 15 წელია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება… ცალკე ბათუმის ფესტივალი და ცალკე თბილისის ფესტივალი.

ყველამ, ვინც ამ სფეროში ვსაქმიანობთ, იმავე “სამარ სეტმა”, “ბასიანმა”, რომელსაც უზარმაზარი სახელი აქვს და პერიოდულად The Guardian-ის რეიტინგებში ხვდება, იმავე biletebi.ge-მ, “ბრავო რექორდსმა”, “ალტერვიჟენმა” მაშინ მოვითხოვეთ, რომ თამაშის წესები შეცვლილიყო, მაგრამ უშედეგოდ. რეალურად კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობა ებრძოდა ბაზრის ყველა წამყვან მოთამაშეს და გარანტირებულად აფინანსებდა მხოლოდ Eastern Promotion-ის ფესტივალებს, რომლის ერთ- ერთი მფლობელი სინამდვილეში დღესაც მიხეილ გიორგაძეა. პარალელურად წინა ხელისუფლების პერიოდში მათ 50-წლიანი მმართველობით გადაეცათ ფილარმონია სიმბოლურ 1 ლარად, რომელიც მათი მენეჯმენტის ქვეშ კატასტროფულ მდგომარეობაშია, აშკარად იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი, რაც ამ სფეროში ბიზნესის განვითარებას ძალიან უშლის ხელს. პირდაპირ ვიტყვი: პრაქტიკულად ჩვენთვის კულტურის სამინისტრო არ არსებობს.

შოუბიზნესისთვის მტკივნეული თემაა საავტორო უფლებებისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვაც – კულტურის სამინისტრო ამასთან დაკავშირებითაც არანაირ ინტერესს არ იჩენს. ამ მხრივ ჩვენ დისკრიმინირებულები ვართ. ამიტომაც მუსიკალური ინდუსტრია და ასევე კინოინდუსტრია საქართველოში ვერ შედგა როგორც ბიზნესი. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომ პროექტი “ჩექინ ჯორჯია” გადასცეს ტურიზმის დეპარტამენტს და ეკონომიკის სამინისტროს და ჩვენ აღარ გვაქვს საქმე კულტურის სამინისტროსთან.

სხვა რა ბიზნესებში ხართ წარმოდგენილი დღეს? და ზოგადად, როგორ აფასებთ ბიზნესკლიმატს საქართველოში? რამდენად მისაღებია ეკონომიკის განვითარების ტემპი საქართველოში?

ვფიქრობ, რომ საქართველოში ბიზნესი ძალიან რთულად, მაგრამ მაინც ვითარდება. ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორია, ეს არის საერთო ეკონომიკური მდგომარეობა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, რაც ირიბად თუ პირდაპირ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე დიდ გავლენას ახდენს. უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვას ვისურვებდი, ძალიან მახარებს, რომ ტურიზმის ასეთი ბუმია საქართველოში, რადგან ამან ძალიან ბევრი ინვესტორის ყურადღება მოაპყრო ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ალბათ უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვაა საჭირო, რათა სოფლის მეურნეობა ამუშავდეს, ტურიზმი კიდევ უფრო განვითარდეს. საქართველო არ არის მძიმე ინდუსტრიის ქვეყანა. ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე დადებითად აისახება კულტურა, კულტურის ექსპორტმა შეიძლება ძალიან დიდი მოგება მოუტანოს ქვეყანას. არავინ არ ითხოვს პირდაპირ ფულად დაფინანსებას, თუკი ქვეყანაში სათანადო პირობები შეიქმნება, საავტორო უფლებები იქნება დაცული, მუსიკოსი თუ შეძლებს თავისი მუსიკის გაყიდვას, საგასტროლო ინფრასტრუქტურა თუ იქნება მოწესრიგებული, შესაბამისად, ეს სფეროც მეტად განვითარდება და შედგება როგორც ბიზნესი. ქვეყანას სჭირდება ასევე სტაბილური მდგომარეობა და კანონმდებლობის დახვეწა, რათა ჩვენი ქვეყანა უფრო მეტად მიმზიდველი იყოს ინვესტორებისათვის.

იანვარში, ნიუ- იორკში გამართულ “გრემის” დაჯილდოებაზე რეპერ “რეზიდენტეს” ალბომმა გამარჯვება მოიპოვა ნომინაციაში “საუკეთესო ლათინური როკი, ურბანი ან ალტერნატიული ალბომი”. ამ ალბომში შესული ერთ- ერთი სინგლი “ომი”, სწორედ “ბრავო რექორდსში” ჩაიწერა. იყო თუ არა ეს ერთადერთი პრეცედენტი საქართველოსთვის? Forbes-ის ინფორმაციით, ამ მასშტაბის გამარჯვება ამ ინდუსტრიაში აქამდე არ გვქონია…

ეს მართლაც ერთადერთი პრეცედენტი იყო საქართველოს ისტორიაში. ისეთივე დონის გამარჯვებაა ჩვენთვის, როგორც ზაზა ფაჩულიას გამარჯვება NBA-ში, როგორც ჩვენი მორაგბეების წარმატებები, როგორც ჩვენი სუმოისტ ტოჩინოშინის წარმატება იაპონიაში. ბედნიერები ვართ და ძალიან ვამაყობთ ამ გამარჯვებით, ბევრი რექორდ ლეიბლი დედამიწის ამ ნახევარსფეროში ვერ დაიკვეხნის ასეთი დიდი გამარჯვებით. იმედი გვაქვს, ხვალ და ზეგ უკვე ქართული პროდუქტით ავიღებთ “გრემის” ჯილდოს და არა უცხოელი მუსიკოსის ნამუშევრით. ამ ეტაპზე ასეთი პატარა ქვეყნისთვის ეს უდიდესი წარმატებაა.

თქვენი სამომავლო გეგმები და პროექტები… გაქვთ თუ არა ბიზნესიდეები, რომელთა განხორციელებასაც მომავალში გეგმავთ?

“ბრავო რექორდსი” სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ხელი შეუწყოს ახალ პროექტებს, ახალ იდეებს. უკვე უამრავი პროექტი განახორციელა, რომლებიც სრულად ჩვენს საიტზეა წარმოდგენილი, მათ შორის – უამრავი სოციალური პროექტი. ამ ეტაპზე შეგვიძლია ექსკლუზიურად Forbes Georgia-ს მკითხველისთვის ვთქვათ, რომ რამდენიმე თვეში გამოვა ყველასათვის ცნობილი ჯგუფის, “სახე”-ს ახალი ალბომი, რომელშიც ახალი ჰიტები იქნება წარმოდგენილი. გვაქვს გარკვეული იდეები, რომლებიც უფრო ახალგაზრდულ სეგმენტს ეხება და რომლებიც უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. ასევე ვგეგმავთ ონლაინ ლეგალური მუსიკის მაღაზიის “ბრავისიმოს” აღდგენას, რომელიც მეკობრეობის პრობლემების გამო დაიხურა. ამ ონლაინმაღაზიაში ქართული მუსიკა 50 თეთრი ღირდა, უცხოური მუსიკა კი – 90 თეთრი. მართალია, იგივე მუსიკა სხვადასხვა საიტზე უფასოდ იყო ხელმისაწვდომი, მაგრამ – არალეგალურად. ჩვენ გვინდა, რომ ლეგალური ონლაინმაღაზია არსებობდეს მუსიკოსებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ საშუალება, თავიანთი მუსიკა გაყიდონ. ჩვენ ასევე 5 წელი ვმუშაობდით, რომ გავმხდარიყავით მთავარი რექორდლეიბლების პარტნიორი და ჩვენ პირველები ვართ საქართველოში, რომლებიც გავხდით Warner Music-ის, Sony Music-ის, და ძალიან მალე გავხდებით Universal Music-ის პარტნიორები. და მომავალში ბევრი ინიციატივა გვექნება ისეთი, რაც წაადგება იმას, რომ საქართველოში მუსიკალური ინდუსტრია შედგეს როგორც სრულფასოვანი ბიზნესი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *