ბიზნესი „განბაჟების გარეშე“

ბიზნესი „განბაჟების გარეშე“

Duty Free-ს ბიზნესი პანდემიის უარყოფით ეფექტებს კვლავ ებრძვის. საქართველოში მოქმედი კომპანია Duty Free Georgia, რომელიც საზღვრებზე შვიდ მაღაზიას მართავს, გაყიდვების პრეპანდემიურ წლიურ მაჩვენებლებს კვლავ ვერ დაუბრუნდა. თუმცა, მისი მმართველი ომერ სალური პოზიტიურ გათვლებს 2023 წელზე აკეთებს. ტერაბანკის პერსონალიზებული საბანკო მომსახურება „სელექტის“ სპეციალური რუბრიკისთვის Forbes Georgia-მ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

ბატონო ომერ, თავდაპირველად მოგვიყევით, როგორ დაიწყო თქვენი კარიერა საქართველოში?

ეს იყო 2013 წლის დასაწყისი, როდესაც კომპანიის მფლობელებისგან ამ პოზიციის დასაკავებლად შემოთავაზება მივიღე. მახსოვს, მათთან პირველი შეხვედრა ხუთ საათს გაგრძელდა, რა დროსაც ჩვენ ვმსჯელობდით იმაზე, თუ რამდენად გაამართლებდა ეს ბიზნესი საქართველოში. ამ შეხვედრიდან ორ კვირაში უკვე ჩალაგებული მქონდა ჩანთა და საქართველოსკენ მოვემგზავრებოდი. მანამდე ვმუშაობდი და ვცხოვრობდი თურქეთში, ასევე გარკვეული პერიოდის განმავლობაში რუსეთში, ბელარუსსა და ევროპის ხუთ სხვადასხვა ქვეყანაში. ვმართავდი საკრუიზო გემებზე Duty Free-ს მაღაზიებს. გარდა ამისა, ვმუშაობდი Philip Morris International-შიც.

გამოდის, ამ ბიზნესში საქართველომდეც გქონდათ გამოცდილება…

დიახ, მსგავს ბიზნესში გამოცდილება უკვე მქონდა, ამიტომაც ჩემთვის ამჟამინდელი პოზიციის დაკავება მნიშვნელოვან გამოწვევებთან არც ყოფილა დაკავშირებული. თუმცა, მანამ ვიდრე საქართველოში კარიერას დავიწყებდი, ამ ქვეყნის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. შემდეგ კი გავეცანი აქაურ რეალობას და აქაური ხალხის სტუმართმოყვარეობით, ტრადიციებით დადებითად გაკვირვებულიც დავრჩი.

რატომ დათანხმდით საქართველოში ამ შეთავაზებას?

ერთი მხრივ, მიმზიდველი იყო ახალი შესაძლებლობები და გამოწვევები, ხოლო მეორე მხრივ, საინტერესო იყო ჩემთვის ის, რომ გამოცდილების სხვაგან გამოყენების შესაძლებლობაც მომეცა. მანამდე ბუნებრივია გავეცანი კომპანიის ისტორიას და მივხვდი, რომ კომპანიის პოტენციალის უფრო მეტად ათვისებაში ჩემი წვლილის შეტანა შემეძლო.

დღეს, 2022 წლის ბოლოს, რამდენად კმაყოფილი ხართ მიღწეული შედეგებით?

ჩვენ წლიდან წლამდე ვზრდიდით კომპანიას და მის ფინანსურ მაჩვენებლებს, თუმცა, 2020 წლის დასაწყისში კოვიდ-პანდემიის დაწყებამ ჩვენი კომპანიის განვითარება და ზრდა მნიშვნელოვნად შეაფერხა. მარტში ჩვენი მაღაზიები დაიკეტა, ვინაიდან საზღვრები ჩაიკეტა. სამწუხაროდ, ვიცით რამდენ ხანსაც გაგრძელდა პანდემია და ჩაკეტილი საზღვრებიც. 2021 წლის ზაფხულში საზღვრების გახსნის შემდეგ, ნელ-ნელა ხალხის გადაადგილება შევნიშნეთ. ყველაფრის თავიდან დაწყება მოგვიწია. მას შემდეგ გაყიდვების მაჩვენებლების ზრდას თვიდან თვემდე ვცდილობთ.

დაუბრუნდით უკვე პრეპანდემიურ მაჩვენებლებს?

საბედნიეროდ, შევძელით პრეპანდემიურ დონეს დავბრუნებოდით 2022 წლის დეკემბერში. თუმცა, წლიურ ჭრილში პანდემიამდელი მაჩვენებლისგან ჯერ კიდევ შორს ვართ. მოგეხსენებათ, აზერბაიჯანს საზღვარი საქართველოსთან კვლავ ჩაკეტილი აქვს. „წითელი ხიდის“ გამშვები პუნქტი დაკეტილია. ამ დრომდე არავინ იცის, როდის გაიხსნება საზღვარი და რას უნდა ველოდოთ ახლო მომავალში. ჩვენ იქაც გვაქვს ორი მაღაზია, რომელიც ბუნებრივია, კვლავ დაკეტილია. ეს ჩვენთვის უდიდესი ზიანის მომტანია, ვინაიდან კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე „წითელ ხიდზე“ ჩვენი მაღაზიები არ მუშაობს. მიუხედავად ამისა, იქ მომუშავე არცერთი თანამშრომელი ამ დრომდე არ გაგვიშვია. ყველას ვინარჩუნებთ და ვუხდით ხელფასების 100%-ს, რაც ვფიქრობ ჩვენი კომპანიის მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის უდიდესი გამოვლინებაა. ვფიქრობთ, რთულ ვითარებაში თანამშრომლების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ამას გარდა, როდესაც პანდემია დაიწყო, ჩვენ დავფიქრდით, რის გაკეთება შეგვეძლო ქართული საზოგადოებისთვის. გამოვყავით 60 000 დოლარი და სასურსათო კალათები დავურიგეთ მათ, ვისაც სჭირდებოდა.

თქვენ ამჟამად შვიდი მაღაზია გაქვთ თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებზე.საინტერესოა იკვლევთ თუ არა თქვენი მომხმარებლების საჭიროებებსა და სურვილებს?

როგორი სახის პროდუქტებზეა ძირითადად მოთხოვნა თქვენს მაღაზიებში?

ეს დამოკიდებულია მაღაზიასა და საზღვარზე. მაგალითად, თურქეთის საზღვარზე, ძირითადი მოთხოვნა თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელებზეა. ამის მიზეზი ფასია. თურქეთში საგადასახადო რეგულაციების შესაბამისად, თამბაქო და ალკოჰოლური სასმელები ძვირია. საქართველოს საბაზრო ფასებთან შედარებით, იქ ფასში 50%-იანი სხვაობაც შეიძლება იყოს. თუ სომხეთის საზღვარზე მდებარე მაღაზიებზე ვისაუბრებთ, იქ ყველაფერზეა მოთხოვნა, მათ შორის აქსესუარებზე, პარფიუმერიაზე, კოსმეტიკაზე, თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე. თითქმის ყველა კატეგორიაში თანაბარი მოთხოვნაა. აზერბაიჯანის საზღვარზე კი იქაური საბაზრო რეალობიდან გამომდინარე, პირველ ადგილზე თამბაქოს გაყიდვები იყო.

თქვენ Duty Free Group-ის CEO-ს პოზიციასაც იკავებთ. საქართველოს გარდა, კიდევ რომელ ქვეყნებში ოპერირებთ?

კიდევ რამდენიმე ქვეყანაში გვაქვს მაღაზიები. მათ შორის პარაგვაიში, ყირგიზეთში, სლოვაკეთში და მალე დავიწყებთ ოპერირებას ერაყში. თუმცა, საქართველო  ჩვენი კომპანიისთვის მთავარი ქვეყანაა, სათაო ოფისიც აქ გვაქვს.

რის მიხედვით ირჩევთ ქვეყანას, სადაც ოპერირების დაწყების გადაწყვეტილებას იღებთ?

მსოფლიოში რამდენიმე უმსხვილესი კომპანიაა, რომელთაც უფრო დიდი და ბევრი მაღაზია აქვთ. ისინი ახალი მაღაზიის გახსნისას ნაკლებად რისკავენ. ჩვენ კი როდესაც ახალ ლოკაციას ვარჩევთ, უფრო მეტ რისკს ვიღებთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ არ რისკავ, შედეგიც არ გაქვს, ამიტომაც ამ კუთხით უფრო მეტად მოქნილები ვართ, ვიდრე მსხვილი ჩვენნაირი კომპანიები. გადაწყვეტილებებს სწრაფად ვიღებთ, რასაც ჩვენს უპირატესობად მივიჩნევთ. ახალი ლოკაციის შესარჩევად დავდივართ სხვადასხვა ქვეყანაში, ვაკვირდებით და ვაანალიზებთ, შემდეგ კი ვრისკავთ.

ბევრი საქმისა და საქმიანი მოგზაურობის ფონზე, ახერხებთ თავისუფალი დროის გამონახვას?

კარგი შეკითხვაა, მართლაც ძალიან დაკავებული ვარ, ბევრს ვმოგზაურობ განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენი კომპანია ოპერირებს. ხოლო როდესაც საქართველოში ვარ და ვახერხებ დროის გამონახვას, მეუღლესთან ერთად  საქართველოში ვმოგზაურობ. მიყვარს ახალი ადგილების მონახულება, საქართველო მართლაც მრავალფეროვანი და ლამაზი ქვეყანაა, რომლის ყველა კუთხე ჯერ არც მინახავს. ჩემს მეუღლესაც მოსწონსაქ მოგზაურობა. გარდა ამისა, ძალიან მიყვარს ჩემს მეგობრებთან შეხვედრა, მაქვს ჰობიც, რომლითაც ხშირად ვერ ვკავდები, თუმცა, რამდენიმე თვეში ერთხელ მეგობრებთან ერთად მოტოციკლებითაც ვმოგზაურობ.

მოგზაურობის დაგეგმვისას ტერაბანკის „სელექტის“ შეთავაზებებს იყენებთ ხოლმე?

თქვენსა და ტერაბანკს შორის როდის დაიწყო თანამშრომლობა?

როცა საქართველოში ჩამოვედი, რა თქმა უნდა, დავიწყე სასურველი ფინანსური ინსტიტუტის შერჩევა, რომლის მომხმარებელიც გავხდებოდი. ვიკვლევდი მათ სერვისებს და შეთავაზებებს. დამატებითი შეთავაზებებიც მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვინაიდან სტანდარტული მომსახურებები ყველა ბანკს აქვს. ასე აღმოვაჩინე ტერაბანკი, რომლის მუდმივი მომხმარებელიც გავხდი. შემდეგ კი ჩვენი კომპანიაც ტერაბანკის მომხმარებლად იქცა. მოგეხსენებათ, ჩვენი ბიზნესი სპეციფიკურია, ვინაიდან შვიდ სხვადასხვა ვალუტაზე ვმუშაობთ. ტერაბანკს კარგი კურსი აქვს, გარდა ამისა, ისინი ყოველთვის სწრაფად გპასუხობენ და სწრაფად რეაგირებენ ნებისმიერ პრობლემასა თუ კითხვაზე. ჩემი ყველა პირადი ანგარიშიც ტერაბანკშია. მოხარული ვარ მათთან თანამშრომლობით.

ბოლოს მინდა მომავალი წლის გეგმებზეც გკითხოთ, რა სამიზნეები გაქვთ 2023-ში?

მომავალ წელს ვაპირებთ გავაგრძელოთ მცდელობები ზრდის შესანარჩუნებლად. ვგეგმავთ კიდევ უფრო გავაფართოვოთ საქართველოში ჩვენი კვალი და ოპერირება. წლის დასაწყისშივე გაიხსნება ჩვენი კიდევ ერთი მაღაზია, საზღვარ „ნინოწმინდაზე“. ეს იქნება მერვე მაღაზია.

რაც შეეხება საქართველოს მიღმა გეგმებს?

მომავალი წლისთვის მინიმუმ სამ ახალ ქვეყანაში ვაპირებთ შესვლას, მათ შორის იქნება ერაყიც. ასევე ვიკვლევთ აფრიკის კონტინენტზე ამ კუთხით არსებულ შესაძლებლობებს, ჩვენს ბიზნესს ამ რეგიონში ნამდვილად დიდი პოტენციალი აქვს. დამატებით ვაკვირდებით აზიის და დსთ-ს ქვეყნებსაც.

რუბრიკის წარმდგენია ტერაბანკის პერსონალიზებული საბანკო მომსახურება – სელექტი