ბლინკენი თურქეთისაგან შვედეთის ნატოში გაწევრების შესახებ დაუყოვნებლივ თანხმობას ითხოვს

ბლინკენი თურქეთისაგან შვედეთის ნატოში გაწევრების შესახებ დაუყოვნებლივ თანხმობას ითხოვს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თურქეთისაგან შვედეთის ნატოში გაწევრების შესახებ თანხმობის პროცედურის დასრულება კიდევ ერთხელ მოითხოვა. მისი განმარტებით, შვედეთმა ანკარის მიერ წარდგენილი მოთხოვნების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე შეასრულა და ალიანსის წევრობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

გარდა ამისა, ენტონი ბლინკენმა თურქეთისათვის ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავების, F-16-ების გადაცემის საკითხზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ამ ორ საკითხს ერთმანეთთან კავშირი არა აქვს და კონგრესი საკითხის გადაწყვეტასთან უკვე ახლოსაა. შესაბამისად, უნდა ველოდოთ, რომ აშშ თურქეთისთვის დამატებით F-16-ების გადაცემაზე უახლოს მომავალში დათანხმდება.

შვედეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს მუშაობას ივლისის შუა რიცხვებში დაგეგმილ ნატოს სამიტზე საკითხის ოფიციალურად დადასტურებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ნატოში გაწევრების შესახებ ოფიციალური განაცხადი შვედეთმა და ფინეთმა შარშან წარადგინეს. ფინეთი კი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის წევრი ცოტა ხნის წინ გახდა. თურქეთს შვედეთის ნატოში გაწევრებასთან დაკავშირებით საკუთარი მოთხოვნები აქვს, რაც სახელმწიფოში ქურთული დაჯგუფებების საქმიანობისა და ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ თანამშრომლობას ითვალისწინებდა.