ბლინკენის განცხადებით, მიანმარის ჯარმა როჰინჯა მუსლიმებს გენოციდი მოუწყო

ბლინკენის განცხადებით, მიანმარის ჯარმა როჰინჯა მუსლიმებს გენოციდი მოუწყო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, 2016-2017 წლებში მიანმარის შეიარაღებული ძალების მიერ ქვეყნის უმცირესობის, როჰინჯა მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული გენოციდად დაკვალიფიცირდა.

დანაშაული გენოციდად ოფიციალურად აშშ-ის ჰოლოკოსტის მემორიალურ მუზეუმში დეკლარირდა. საინტერესოა, რომ შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უწინ უარი თქვა მასობრივი მკვლელობების, გაუპატიურებისა და წამების გენოციდად აღიარებაზე.

ცნობისთვის, დაახლოებით ერთი წლის წინ მიანმარის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამოქალაქო მთავრობა გადატრიალების გზით ჩამოაგდო. სამხედრო გადატრიალების ბევრი მონაწილე კი სწორედ როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში იღებდა მონაწილეობას.

ბლინკენის განმარტებით, მან მიანმარში მომხდარი მოვლენების გენოციდად დეკლარირების შესახებ გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული ფაქტობრივი შეფასებებისა და სამართლებრივი ანალიზის მიმოხილვის საფუძველზე მიიღო. სახელმწიფო დეპარტამენტის გამოძიება კი მთელი რიგი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი წყაროების დოკუმენტაციას დაეყრდნო.

ბლინკენმა განსაკუთრებული ყურადღება 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშზე გაამახვილა, რომელიც 2016 წლის ოქტომბერსა და 2017 წლის აგვისტოში მიანმარის რახინის შტატში მომხდარ ძალადობაზე ფოკუსირდებოდა.

შეერთებულმა შტატებმა მიანმარის შეიარაღებული ძალების ოფიციალურ პირებს პერსონალური სანქციები უკვე დაუწესა. ბლინკენის მიერ როჰინჯა მუსლიმების გენოციდად აღიარება კი მნიშვნელოვანი პრეცედენტი შეიძლება გახდეს სხვა ქვეყნებში მომხდარი ძალადობრივი მოვლენების სამომავლო შეფასებისათვის.