ფოტო: newsroom.spotify.com
აუდიოსტრიმინგისა და მედიასერვისების პროვაიდერმა შვედურმა კომპანია Spotify-მ საკუთარ პლატფორმაზე ყველა დროის ყველაზე ხშირად მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოებების რეიტინგი გამოაქვეყნა. მონაცემები პლატფორმის შექმნიდან 2026 წლის აპრილამდე პერიოდშია დაანგარიშებული.
Spotify-ზე ყველა დროის ყველაზე მოსმენადი სიმღერა კანადელი შემსრულებლის, აბელ ტესფაიეს, სასცენო სახელით The Weeknd, Blinding Lights-ია. 2019 წელს გამოშვებულ სინგლს, 2026 წლის აპრილის მონაცემებით, პლატფორმაზე 5.4 მილიარდზე მეტი მოსმენა აქვს და ერთადერთია სიაში, რომელმაც 5-მილიარდიანი ნიშნული გადალახა. Blinding Lights-ის გარდა, Spotify-ს ყველა დროის ყველაზე მოსმენადი მუსიკალური ნაწარმოებების ტოპ-20-ში შემსრულებლის კიდევ ერთი სიმღერა — Starboy-ც მოხვდა, რომელმაც 4.49 მილიარდი სტრიმი დააგროვა. ეს უკანასკნელი ელექტრონული მუსიკის დუეტ Daft Punk-თან კოლაბორაციით შეიქმნა.
აღსანიშნავია, რომ Spotify-ს რეიტინგში 2010-იანი წლების ჰიტები დომინირებს — სწორედ იმ პერიოდის, როდესაც სტრიმინგი მუსიკის მოხმარების მთავარ წესად იქცა. საერთო ჯამში, პლატფორმის ისტორიაში სულ რვა ნაწარმოებმა შეძლო 4-მილიარდიანი სტრიმინგის ნიშნულის გადალახვა და მათგან შვიდი სწორედ 2010-იან წლებშია გამოშვებული. ერთადერთი გამონაკლისი, 4.37 მილიარდის მოსმენით, ჰარი სტაილსის სინგლია — As It Was, რომელიც 2022 წელსაა გამოშვებული. Spotify-ს ისტორიაში ყველაზე მოსმენადი სიმღერებიდან უახლესი, 3.62 მილიარდი სტრიმით, ლედი გაგასა და ბრუნო მარსის 2024 წლის ნაწარმოებია — Die With a Smile. შეგახსენებთ, რომ ორივე სინგლი Grammy Awards-ის მფლობელთა შორისაა.
ცნობისთვის, Spotify-ს რეიტინგში შემავალი ყველა სიმღერა ინგლისურენოვანი ქვეყნების (ავსტრალია, კანადა, დიდი ბრიტანეთი, აშშ) არტისტებს ეკუთვნით. ანგლოფონი შემსრულებლები დიდი ხანია ინგლისურენოვანი მუსიკის გლობალური პოპულარობით სარგებლობენ და ეს სტრიმინგის ეპოქაშიც გრძელდება. ამის მაგალითებია ავსტრალიელი შემსრულებლის, ვანს ჯოის Riptide (3.6 მლრდ), კანადელი რეპერის, დრეიკის One Dance (4.2 მლრდ) და ავსტრალიელი მომღერლის, The Kid LAROI-ის სინგლი STAY (3.9 მლრდ), რომელსაც ის კანადელ პოპშემსრულებელ ჯასტინ ბიბერთან ერთად ასრულებს.
ყველა დროის ყველაზე მოსმენადი მუსიკალური ნაწარმოებები Spotify-ზე:
| რეიტინგი | სიმღერა | მოსმენის რაოდენობა | წელი | შემსრულებელი |
| 1 | Blinding Lights | 5.38 მილიარდი | 2019 | The Weeknd |
| 2 | Shape of You | 4.88 მილიარდი | 2017 | ედ შირანი |
| 3 | Sweater Weather | 4.55 მილიარდი | 2013 | The Neighbourhood |
| 4 | Starboy | 4.49 მილიარდი | 2016 | The Weeknd, Daft Punk |
| 5 | As It Was | 4.37 მილიარდი | 2022 | ჰარი სტაილსი |
| 6 | Someone You Loved | 4.23 მილიარდი | 2019 | ლუის კაპალდი |
| 7 | Sunflower | 4.21 მილიარდი | 2018 | Post Malone, შუეი ლი |
| 8 | One Dance | 4.18 მილიარდი | 2016 | Drake, Wizkid, Kyla |
| 9 | Perfect | 3.93 მილიარდი | 2017 | ედ შირანი |
| 10 | STAY | 3.88 მილიარდი | 2021 | The Kid LAROI, ჯანსტინ ბიბერი |
| 11 | Believer | 3.82 მილიარდი | 2017 | Imagine Dragons |
| 12 | I Wanna Be Yours | 3.74 მილიარდი | 2013 | Arctic Monkeys |
| 13 | Heat Waves | 3.73 მილიარდი | 2020 | Glass Animals |
| 14 | lovely | 3.72 მილიარდი | 2018 | ბილი აილიში, Khalid |
| 15 | Yellow | 3.71 მილიარდი | 2000 | Coldplay |
| 16 | The Night We Met | 3.71 მილიარდი | 2015 | Lord Huron |
| 17 | Closer | 3.69 მილიარდი | 2016 | The Chainsmokers, Halsey |
| 18 | BIRDS OF A FEATHER | 3.66 მილიარდი | 2024 | ბილი აილიში |
| 19 | Riptide | 3.62 მილიარდი | 2013 | Vance Joy |
| 20 | Die With A Smile | 3.62 მილიარდი | 2024 | Lady Gaga, Bruno Mars |















