"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
გლობალური თავისუფლების რეიტინგში საქართველო 110-ე ადგილზეა

მეთოდოლოგია
გლობალური თავისუფლების რეიტინგს ამერიკული ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ აქვეყნებს. ბოლო რეიტინგი 195 ქვეყანას მოიცავს. მონაცემები ყოველწლიურად ახლდება. 2025 წელს გამოქვეყნებული რეიტინგი 2024 წლის რეალობას ასახავს.
თავისუფლების რეიტინგი პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლების დონის მიხედვით დგება. პოლიტიკური უფლებები მოიცავს: საარჩევნო პროცესს, პოლიტიკურ პლურალიზმს და მთავრობის მუშაობას. სამოქალაქო თავისუფლება მოიცავს: სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას, ასოციაციებისა და ორგანიზაციების უფლებებს, სამართლის უზენაესობას, პერსონალურ ავტონომიასა და ინდივიდუალურ უფლებებს.
რეიტინგში ქვეყანას მაქსიმუმ 100 ქულის დაგროვება შეუძლია, მეტი ქულა მეტ თავისუფლებას ნიშნავს. მაქსიმუმ 40 ქულა მოდის პოლიტიკურ უფლებებზე და მაქსიმუმ 60 ქულა – სამოქალაქო თავისუფლებაზე. ქვეყნებზე დაკვირვება ღია მონაცემებზე დაყრდნობით და ექსპერტული შეფასებებით ხდება.
ქულების მიხედვით ქვეყნები თავისუფალ, ნაწილობრივ თავისუფალ და არათავისუფალ ქვეყნებად იყოფიან.
საქართველო თავისუფლების რეიტინგში
„ფრიდომ ჰაუსის“ მიერ 2025 წლის თებერვალში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს თავისუფლების ინდექსში 55 ქულა აქვს და 110-ე ადგილს იკავებს. 55 ქულით ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების ჯგუფში ხვდება. პოლიტიკურ უფლებებში საქართველოს 21 ქულა (40-დან) აქვს, ხოლო სამოქალაქო თავისუფლებაში 34 ქულა (60-დან). 2024 წლის კვლევით, საქართველოს 58 ქულა ჰქონდა და 107-ე ადგილს იკავებდა. 2024 წელს ჯამური ქულის 3 ერთეულით შემცირებამ საქართველო რეიტინგში 3 საფეხურით ჩამოაქვეითა. 1 ქულით შემცირდა საქართველოს ქულა პოლიტიკურ უფლებებში და 2 ქულით შემცირდა სამოქალაქო თავისუფლებაში.
ბოლო ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ოლიგარქიული გავლენა ზემოქმედებს პოლიტიკურ საქმიანობაზე და ოპოზიციის ლიდერებზე ფიზიკურად ძალადობენ. პრობლემურ საკითხად რჩება კორუფცია და მედიის თავისუფლება, მათ შორის ჟურნალისტებზე ძალადობა. ასევე, სასამართლოს საქმიანობაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ჩარევა, რაც ბოლო წელს კიდევ უფრო გაიზარდა. ანგარიშში აღნიშნულია 2024 წელს საქართველოს მთავრობის მიერ „რუსული კანონის“ (აგენტების შესახებ კანონი) მიღება, რაც მნიშვნელოვნად შეზღუდავს არასამთავრობო სექტორისა და მედიის თავისუფლებას. აღნიშნულია, რომ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებზე დაცული არ იყო ხმის მიცემის ფარულობა, ადგილი ჰქონდა მოსყიდვას და ძალადობას. ცალკე არის საუბარი 28 ნოემბერს დაწყებულ საპროტესტო აქციებზე, უკანონო დარბევებზე, ძალადობასა და დაპატიმრებებზე.
საქართველოს ქულა გლობალური თავისუფლების ინდექსში

ყველაზე მაღალი თავისუფლების დონის მქონე ქვეყნები
„ფრიდომ ჰაუსის“ კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე თავისუფალი ქვეყანა ფინეთია, რომელსაც მაქსიმალური, 100 ქულა აქვს. ნორვეგია, ახალი ზელანდია და შვედეთი მეორე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ 99 ქულით.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი თავისუფლების დონე სომხეთშია, რომელსაც 54 ქულა აქვს: 23 – პოლიტიკურ უფლებებში და 31 – სამოქალაქო თავისუფლებაში. სომხეთი რეიტინგში 112-ე ადგილზეა. თურქეთს 33 ქულა აქვს და რეიტინგში 139-ე ადგილზეა. რუსეთს 12 ქულა აქვს და რეიტინგში 174-ე ადგილზეა. მეზობლებიდან ყველაზე დაბალი ქულა აზერბაიჯანს აქვს – 7 ქულა, 0 პოლიტიკურ უფლებებში და 7 სამოქალაქო თავისუფლებაში, რეიტინგში 183-ე ადგილზეა.
მსოფლიოში ყველაზე დაბალი თავისუფლება თურქმენეთსა და სამხრეთ სუდანშია, რომლებსაც 1-1 ქულა აქვთ. შემდეგ მოდის სუდანი 2 ქულით და ჩრდილოეთი კორეა და ერიტრეა 3-3 ქულით.
თავისუფლების დონით ტოპ-10 ქვეყანა:
ქვეყანა | ქულა | |
1 | ფინეთი | 100 |
2 | ნორვეგია | 99 |
3 | ახალი ზელანდია | 99 |
4 | შვედეთი | 99 |
5 | კანადა | 97 |
6 | დანია | 97 |
7 | ირლანდია | 97 |
8 | ლუქსემბურგი | 97 |
9 | ნიდერლანდები | 97 |
10 | სან-მარინო | 97 |
წყარო: Freedom House
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on აპრილი 24, 2025
- on აპრილი 23, 2025
- on აპრილი 11, 2025
- on აპრილი 11, 2025
- on აპრილი 7, 2025
- on მარტი 25, 2025
- on მარტი 6, 2025
- on მარტი 5, 2025