"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

ინტერნეტის თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში მე-7 ადგილზეა

ბესო2 (5)

ინტერნეტის გლობალური თავისუფლების რეიტინგში საქართველო მე-7 ადგილზეა.

მეთოდოლოგია

ინტერნეტის გლობალური თავისუფლების რეიტინგს ამერიკული ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ აქვეყნებს. ბოლო რეიტინგი 70 ქვეყანას მოიცავს. თუმცა, სახელმწიფოები, რომლებიც რეიტინგში არ არიან შეტანილი ძირითადად განვითარებადი, ღარიბი ქვეყნებია, სადაც ნაკლებ სავარაუდოა, რომ ინტერნეტის თავისუფლების მაღალი დონე იყოს. რეიტინგის მონაცემები ყოველწლიურად ახლდება. 2022 წელს გამოქვეყნებული რეიტინგი 2021 წლის 1 ივნისიდან 2022 წლის 31 მაისამდე არსებულ რეალობას ასახავს.

ქვეყანას მაქსიმუმ 100 ქულის დაგროვება შეუძლია, მეტი ქულა ინტერნეტის მეტ თავისუფლებას ნიშნავს. 100 ქულა შეფასების 3 კრიტერიუმზე ნაწილდება: მაქსიმუმ 25 ქულა მოდის ინტერნეტის ხელმისაწვდომობაზე, მაქსიმუმ 35 ქულა მოდის ინტერნეტის თემატურ შეზღუდვაზე და მაქსიმუმ 40 ქულა მოდის ინტერნეტის მომხმარებლების უფლებების დაცვაზე. ქვეყნებზე დაკვირვება ღია მონაცემებზე დაყრდნობით და გამოკითხვებით ხდება. ქულების მიხედვით ქვეყნები თავისუფალ, ნაწილობრივ თავისუფალ და არათავისუფალ ქვეყნებად იყოფიან.

საქართველო ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგში

„ფრიდომ ჰაუსის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში 78 ქულა აქვს და მე-7 ადგილს იკავებს 70 ქვეყანას შორის. საქართველო ინტერნეტის მხრივ თავისუფალი ქვეყნების ჯგუფშია.

საქართველოს მაქსიმალური 25 ქულიდან 19 ქულა აქვს ინტერნეტის ხელმისაწვდომობაში. მხოლოდ ამ კრიტერიუმის მიხედვით საქართველო მე-20 ადგილზეა მსოფლიოში. საქართველოს ტერიტორიაზე სრულად არის ინტერნეტი ხელმისაწვდომი. ბოლო სტატისტიკით, ინტერნეტზე ხელი ოჯახების 88.4%-ს მიუწვდება. ბოლო გამოკითხვით, მოსახლეობის 19%-ს ინტერნეტი არასდროს გამოუყენებია. 2021 წელს საქართველოში ინტერნეტის 955 ათასი აბონენტი იყო.

ინტერნეტის თემატურ შეზღუდვაში საქართველოს 35-დან 31 ქულა აქვს და ცალკე ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მე-5 ადგილზეა. ინტერნეტის მომხმარებლები არ არიან შეზღუდული ვებსაიტებზე შევიდნენ, გადმოტვირთონ ინფორმაცია ან ატვირთონ, ჰქონდეთ საკუთარი ვებსაიტები, გამოიყენონ ფორუმები და სოციალური მედიის პლატფორმები. ასევე თავისუფალია აპლიკაციების გამოყენება.

ინტერნეტის მომხმარებლების უფლებების დაცვაში საქართველოს 40-დან 28 ქულა აქვს და ცალკე ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მე-5 ადგილზეა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, საქართველოში მედიისთვის დაცულია ინფორმაციის წყაროს ანონიმურობა, ბოლო პერიოდში საგამოძიებო უწყებები ითხოვდნენ ინფორმაციის წყაროს დასახელებას. ასევე მითითებულია სასამართლოს შეზღუდულ თავისუფლებაზე, რაც მომხმარებლების უფლებების დაცვისთვის რისკია.

2021 წელს საქართველო ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგში მე-9 ადგილზე იყო 77 ქულით. ბოლო კვლევით საქართველოს ქულა 1-ით გაიზარდა, რამაც რეიტინგში საქართველოს 2 საფეხურით ზემოთ ასვლა განაპირობა. 1 ქულა საქართველოს ინტერნეტის მომხმარებლების უფლებების დაცვაში მოემატა.

საქართველოს ქულა ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში

წყარო: Freedom House

ინტერნეტის ყველაზე მაღალი თავისუფლების დონის მქონე ქვეყნები

„ფრიდომ ჰაუსის“ კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ინტერნეტის გამოყენება ყველაზე თავისუფალი ისლანდიაში და ესტონეთშია. ისლანდიას მაქსიმალური 100 ქულიდან 95 ქულა აქვს, ხოლო ესტონეთს 94. ინტერნეტის ხელმისაწვდომობაში ისლანდიას და ესტონეთს 25-დან 25 ქულა აქვს, რაც ნიშნავს, რომ ამ ქვეყნების ყველა მოსახლეს მიუწვდება ხელი ინტერნეტზე.

რეიტინგის ტოპ 10-ში ძირითადად მდიდარი ქვეყნებია. საქართველო, რომელსაც მე-7 ადგილი უჭირავს და კოსტა-რიკა, რომელსაც მე-3 ადგილი უიჭრავს, ამ მხრივ გამონაკლისები არიან.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ინტერნეტის ყველაზე მაღალი თავისუფლების დონე სომხეთშია, რომელსაც 74 ქულა აქვს და რეიტინგში მე-14 ადგილზეა. აზერბაიჯანს 38 ქულა აქვს და რეიტინგში 51-ე ადგილზეა. 54-ე ადგილზეა თურქეთი 32 ქულით და 65-ე ადგილზეა (70 ქვეყნიდან) რუსეთი 23 ქულით. 2021 წელს რუსეთს 30 ქულა ჰქონდა.

რეიტინგში ბოლო, 70-ე ადგილზეა ჩინეთია 10 ქულით, სადაც გარკვეული ვებსაიტები დაბლოკილია, ხოლო ინტერნეტ მომხმარებლების უფლებები საერთოდ არ არის დაცული. ქვემოდან მეორე ადგილზე მიანმარია 12 ქულით. შემდეგ ირანი მოდის 16 ქულით.

ინტერნეტის თავისუფლების დონით ლიდერი ტოპ 10 ქვეყანა

 ქვეყანაქულა
1ისლანდია95
2ესტონეთი93
3კოსტა-რიკა88
4კანადა87
5ტაივანი79
6გაერთიანებული სამეფო79
7საქართველო78
8იაპონია77
9გერმანია77
10ავსტრალია76

წყარო: Freedom House

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა