"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
საგარეო ვაჭრობის დეფიციტით საქართველო მსოფლიოში 21-ე ადგილზეა
მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიმართ საქონლით საგარეო ვაჭრობის დეფიციტით საქართველო მსოფლიოში 21-ე ადგილზეა 181 ქვეყანას შორის.
მეთოდოლოგია
საქონლით საგარეო ვაჭრობა იმპორტსა და ექსპორტს მოიცავს. როდესაც იმპორტი ექსპორტზე მეტია, ვაჭრობის ბალანსი დეფიციტურია, ანუ საგარეო ვაჭრობის დეფიციტი გვაქვს. დეფიციტის დროს ვაჭრობას ქვეყნიდან უფრო მეტი ფული გააქვს, ვიდრე შემოაქვს. ბუნებრივი რესურსებით ღარიბი ქვეყნების საგარეო ვაჭრობის ბალანსი ძირითადად დეფიციტურია.
ვაჭრობის ბალანსის მშპ-თან თანაფარდობა ბალანსის რეალურ ტვირთს (დეფიციტის დროს) ან სარგებელს (დადებითი ბალანსის დროს) გვიჩვენებს.
როდესაც ქვეყანას სავაჭრო დეფიციტი აქვს, დეფიციტს მომსახურებით გაწეული შემოსავლით (მაგალითად, ტურიზმი), ემიგრანტების გზავნილებით, უცხოური ინვესტიციებით ან საგარეო ვალის აღებით აბალანსებს.
საქართველო საგარეო ვაჭრობის ბალანსის რეიტინგში
ქვეყნების მიხედვით საგარეო ვაჭრობის ბალანსზე მსოფლიო ბანკს (WB) მონაცემები 2023 წლის მდგომარეობით აქვს გამოქვეყნებული. 2023 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეფიციტმა მშპ-ის მიმართ -31.2% შეადგინა და ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 21-ე ადგილზეა 181 ქვეყანას შორის. მშპ-ის მიმართ საქართველოზე მაღალი სავაჭრო დეფიციტი მხოლოდ 20 ქვეყანას აქვს. 2022 წელს ვაჭრობის დეფიციტით საქართველო მსოფლიოში 22-ე ადგილზე იყო, დეფიციტი მშპ-ის მიმართ -31.9% იყო.
საქსტატის მიხედვით, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა (მშპ) 30.5 მილიარდი აშშ დოლარი იყო, საგარეო ვაჭრობის დეფიციტმა კი 9.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ის მიმართ -31.2-ია. 2023 წელს საქართველოს ექსპორტმა 6.1 მილიარდი დოლარი შეადგინა, იმპორტმა კი – 15.6 მილიარდი დოლარი.
2023 წელს ექსპორტი 9%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი – 15.2%-ით. სავაჭრო ბალანსის დეფიციტი კი 1.6 მილიარდი დოლარით გაუარესდა.
გრაფიკი 1. საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეფიციტი მშპ-ის მიმართ 2013-2023 წლებში
ყველაზე მეტად უარყოფითი და დადებითი სავაჭრო ბალანსის მქონე ქვეყნები
მშპ-ის მიმართ საგარეო ვაჭრობის დეფიციტით მსოფლიოში პირველ ადგილზე ოკეანეთის პატარა ქვეყანა პალაუა. 2023 წელს პალაუმ 22 მლნ დოლარის ექსპორტი განახორციელა, რამაც 242 მლნ დოლარი შეადგინა. დეფიციტით ტოპ-ათეულში 7 პატარა ქვეყანა გვხვდება, რომლებიც ძირითადად ტურიზმზე არიან დამოკიდებული. ევროპის კონტინენტიდან ათეულში მხოლოდ მონტენეგროა.
ყველაზე მაღალი საგარეო ვაჭრობის დეფიციტის მქონე ქვეყნები, 2023 წელი
ქვეყანა | მშპ-ის მიმართ, % | |
1 | პალაუ | -90 |
2 | ყირგიზეთი | -71 |
3 | ტონგა | -47 |
4 | მონტენეგრო | -46 |
5 | მალდივის კუნძულები | -46 |
6 | სამოა | -46 |
7 | ანტიგუა და ბარბუდა | -45 |
8 | ლესოტო | -44 |
9 | დომინიკა | -43 |
10 | გრენადა | -42 |
წყარო: მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი
საგარეო ვაჭრობის ყველაზე მაღალი დადებითი ბალანსი გაიანას აქვს – მშპ-ის 39%, რაც ნავთობის ექსპორტის დამსახურებაა. შემდეგ მოდის ლიბია მშპ-ის 33%-ით და მონღოლეთი მშპ-ის 30%-ით. დადებითი სავაჭრო ბალანსის მქონე ტოპ-10 ქვეყანა ბუნებრივი რესურსებითაა მდიდარი.
ყველაზე მაღალი დადებითი საგარეო ვაჭრობის მქონე ქვეყნები, 2023 წელი
ქვეყანა | მშპ-ის მიმართ, % | |
1 | გაიანა | 39 |
2 | ლიბია | 33 |
3 | მონღოლეთი | 30 |
4 | ქუვეითი | 30 |
5 | პაპუა-ახალი გვინეა | 29 |
6 | კატარი | 28 |
7 | ომანი | 24 |
8 | ანგოლა | 24 |
9 | ბაჰრეინი | 22 |
10 | აზერბაიჯანი | 22 |
წყარო: მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი
მშპ-ის მიმართ ვაჭრობის დეფიციტით საქართველოს მაჩვენებელთან ყველაზე ახლოს არუბა, გამბია და კირიბატია.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ვაჭრობის დეფიციტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სომხეთს აქვს – მშპ-ის -16.1%, თურქეთის დეფიციტი მშპ-ის -9.6%-ია. რუსეთსა და აზერბაიჯანს ვაჭრობის დადებითი ბალანსი აქვთ, აზერბაიჯანს მშპ-ის 21.7% და რუსეთს მშპ-ის 6%.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ნოემბერი 20, 2024
- on ნოემბერი 13, 2024
- on ოქტომბერი 30, 2024
- on ოქტომბერი 30, 2024
- on ოქტომბერი 11, 2024
- on სექტემბერი 27, 2024
- on სექტემბერი 18, 2024
- on სექტემბერი 12, 2024