"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

საქართველო ადამიანის განვითარების ინდექსით 61-ე ადგილზეა

ბლოგი - ბესო

ადამიანის განვითარების რეიტინგში, რომელიც ადამიანის განვითარების ინდექსის (HDI) მიხედვით დგება, საქართველო 61-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

ადამიანის განვითარების ინდექსს გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა (UNDP) ყოველწლიურად აქვეყნებს. 2010 წლიდან ინდექსი განახლებული მეთოდოლოგიით ქვეყნდება. ინდექსის ბოლო ანგარიში 2020 წლის ბოლოს გამოქვეყნდა და 189 ქვეყანა მოიცვა.

ინდექსში ქვეყნებს ქულები 0-დან 1-მდე ენიჭება და რაც უფრო ახლოს არის ქვეყნის ქულა 1-თან, ეს ნიშნავს, რომ ადამიანის განვითარების დონე უფრო მაღალია.

ადამიანის განვითარების დონე 3 კრიტერიუმზე დაყრდნობით იზომება, ესენია: ჯანდაცვის დონე, განათლების დონე და მოსახლეობის შემოსავლების დონე. ჯანდაცვის დონე სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის მაჩვენებლით ფასდება. განათლების დონე –  მოსახლეობის მიერ სკოლასა და უნივერსიტეტში გატარებული წლების მიხედვით, ხოლო მოსახლეობის შემოსავალი – ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური ეროვნული შემოსავლით. 2020 წლის ინდექსში ასევე გათვალისწინებულია გენდერული თანასწორობის ინდექსისა და სიღარიბის ინდექსის შედეგებიც. ინდექსი დამატებით მოიცავს უმუშევრობის დონის, გარემოს დაცვის, დემოგრაფიისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის კრიტერიუმებს.

საქართველო დემოკრატიის ინდექსში

ადამიანის განვითარების 2020 წლის ინდექსით საქართველო მსოფლიო რეიტინგში 61-ე ადგილზეა 0.812 ქულით. რეიტინგში საქართველოს მეზობლები ომანი და კოსტა-რიკა არიან. 2019 წლის ინდექსში საქართველო 0.786 ქულით 70-ე ადგილზე იყო. ბოლო 6 წელიწადში საქართველოს ქულა 0.068-ით გაუმჯობესდა. 2014 წელს საქართველო 0.744 ქულით მსოფლიოში 79-ე ადგილზე იყო.

ბოლო ანგარიშის მიხედვით საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობა 73.8 წელია. ერთი ადამიანი საშუალოდ 15.3 წელს ატარებს სწავლაში – სკოლასა და უნივერსიტეტში. ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი (GNI) 14,429 PPP დოლარია. ზრდასრულ მოსახლეობაში დასაქმების დონე 58.5%-ია.

საქართველოს ქულა ადამიანის განვითარების ინდექსში

წყარო: Human Development Index, UNDP

დემოკრატიის ყველაზე მაღალი  დონის მქონე ქვეყნები

დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზე ნორვეგიაა 0.957 ქულით. ნორვეგიაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 82.4 წელია. მოქალაქეები საშუალოდ 18.1 წელი სწავლობენ და ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 66,500 PPP დოლარია. უკიდურეს სიღარიბეში არავინ ცხოვრობს. მეორე ადგილზე ირლანდიაა, ხოლო მესამეზე – შვეიცარია. ტოპ-10-ში ევროპულ ქვეყნებთან ერთად ჰონგ-კონგი და ავსტრალია ხვდებიან.

საქართველოს გეოგრაფიული მეზობლები ადამიანის განვითარების რეიტინგში შემდეგ პოზიციებს იკავებენ: რუსეთი 52-ე ადგილზეა 0.824 ქულით, თურქეთი 54-ე ადგილზეა 0.820 ქულით, სომხეთი 81-ე ადგილზეა 0.776 ქულით და აზერბაიჯანი 88-ე ადგილზეა 0.756 ქულით.

ადამიანის განვითარებით მსოფლიოში ბოლო ადგილზე ნიგერია, რომელსაც 0.394 ქულა აქვს. შემდეგ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ჩადი, სამხრეთი სუდანი და ბურუნდი მოდიან. ბოლო ათეულში ყველა ქვეყანა აფრიკის კონტინენტიდანაა.

ადამიანის განვითარების ინდექსის ტოპ-10 ქვეყანა

 

ქვეყანა

ქულა

1

ნორვეგია

0.957

2

ირლანდია

0.955

3

შვეიცარია

0.955

4

ჰონგ-კონგი

0.949

5

ისლანდია

0.949

6

გერმანია

0.947

7

შვედეთი

0.945

8

ავსტრალია

0.944

9

ნიდერლანდები

0.944

10

დანია

0.940

წყარო: Human Development Index, UNDP

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა