საავიაციო პროდუქტის მწარმოებელი Boeing-ი კიდევ ერთი პრობლემის წინაშეა. კომპანიის საწარმოების რამდენიმე ათასმა თანამშრომელმა გაფიცვის შესახებ კენჭისყრას მხარი 96%-ით დაუჭირა და დღეიდან გაფიცვა ოფიციალურად დაიწყო. პროფკავშირების ხელშეწყობით 33,000-მა თანამშრომელმა Boeing-ის მიერ შეთავაზებული პირობების გაუმჯობესებაზე უარი თქვა და გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღო.
პროფკავშირების განცხადებით, დასაქმებულებმა კომპანიის მიერ შეთავაზებულ ხელფასების 25%-იან ზრდასა და ჯანმრთელობის დაზღვევის ნაკლებ დანახარჯებზე უარი თქვეს.
საინტერესოა, რომ ერთ-ერთი პროფკავშირი, District 751 IAM-ი, დასაქმებულებს კომპანიის შეთავაზებაზე დათანხმებისაკენ მოუწოდებდა. თუმცა კენჭისყრის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ პროფკავშირის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პატივს სცემს მათ გადაწყვეტილებას და მზადაა, კომპანიასთან მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი წამოიწყოს.
დასაქმებულთათვის მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ხელფასების 25%-იანი ზრდა მისაღები არ აღმოჩნდა, ისინი უკეთეს პირობებს მოითხოვენ. კონკრეტულ პირობებს პროფკავშირები დასაქმებულებთან კონსულტაციით უახლოეს დღეებში წარადგენენ.
Boeing-ის კომერციული თვითმფრინავების განყოფილების ხელმძღვანელმა, სტეფანი პოუპმა შეთავაზებას ისტორიული კონტრაქტი უწოდა და აღნიშნა, რომ ეს კომპანიის ისტორიაში ხელფასების ყველაზე დიდი მატებაა. გარდა ამისა, განმარტა, რომ კომპანიამ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად დასაქმებულთა დანახარჯებიც შეამცირა და მათი საპენსიო ასაკისთვის კომპანიის კონტრიბუციაც გაზარდა.
შეგახსენებთ, რომ Boeing-ის წინააღმდეგ გამოძიებას აშშ-ის მარეგულირებელი ორგანოებიც აწარმოებენ. კომპანიის მიმართ კითხვები კომერციული თვითმფრინავების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებობს.