BP-ის მოგებამ III კვარტალში $8.15 მილიარდი შეადგინა

BP-ის მოგებამ III კვარტალში $8.15 მილიარდი შეადგინა

გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში BP-ის მოგება გაორმაგდა და $8.15 მილიარდს მიაღწია. არნახული მოგებით, ის თავის ძირითად კონკურენტებს, მათ შორის Shell-ს, Exxon Mobil-სა და TotalEnergies-ს შეუერთდა. ამასთან ერთად, BP-მ საკუთარი აქციების ხელახლა გამოსყიდვა $2.5 მილიარდით გააფართოვა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ენერგოგიგანტების არნახული მოგება დაეხმარა სექტორს აქციონერთათვის რეკორდული $29 მილიარდის გაცემაში. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, კვირის დასაწყისში, ნავთობის კომპანიებს მოუწოდა, შეწყვიტონ „ომისთვის მოგებიანი ქმედებები“ და გაზარდონ წარმოება, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ მაღალი გადასახადებით დაემუქრა.

BP-ის ფინანსურ ხელმძღვანელს ბაიდენის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მექსიკის ყურესა და ფიქლის აუზებში გამომუშავების გასაზრდელად, საბურღი დანადგარების რაოდენობის ზრდა დააანონსა.

ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასების მატების შედეგად, მიმდინარე წელს, BP-ის აქციები 45%-ზე მეტით გაიზარდა. 2022 წლის მეორე კვარტალში კომპანიის მოგებამ უკანასკნელი 14 წლის მაქსიმუმს, $8.45 მილიარდს მიაღწია.