მეტ ჰენკოკი დაკავებული თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც მან კოლეგასთან კოცნის გამო სოციალური დისტანცია დაარღვია. პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონისათვის მიწერილ გადადგომის წერილში ყოფილმა მდივანმა აღნიშნა, რომ მან საკუთარი ქმედებით პანდემიისას დაღუპული ადამიანების ხსოვნა შეურაცხყო.
თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა სინანული გამოხატა ჰენკოკის გადაწყვეტილების გამო. მის თანამდებობაზე კი ყოფილი კანცლერი, საიდ ჯავიდი, დაინიშნა.
ჯანდაცვის მდივნისა და მისი კოლეგის კოცნის ამსახველი ფოტო და ვიდეოკადრების გაზეთში გავრცელების შემდეგ, მეტ ჰენკოკის მიმართ სხვადასხვა სახის პრეტენზიები არ წყდებოდა. აღსანიშნავია, რომ მინისტრიცა და მისი კოლეგაც დაოჯახებულები იყვნენ და სამ-სამი შვილი ჰყავდათ.
ყოფილმა ჯანდაცვის მდივანმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე ვიდეომიმართვაც ჩაწერა, სადაც ის მადლობას უხდის პანდემიის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებს. ჯანდაცვის ახალი მდივანი 16 თვის შემდეგ დაბრუნდა მინისტრთა კაბინეტში. მის თანამდებობაზე დანიშვნას ყოფილი ჯანდაცვის მდივანი და სხვა ბრიტანელი პოლიტიკოსები დადებით არჩევანად აფასებენ.
პოლიტიკოსების ნაწილი კი ბორის ჯონსონს დაგვიანებულ რეაქციაში ადანაშაულებს. მათი განცხადებით, ჯანდაცვის მდივანი თავად პრემიერ-მინისტრს უნდა გაეთავისუფლებინა დაკავებული თანამდებობიდან.