ბულგარეთმა აზერბაიჯანს ელექტროენერგიის ექსპორტი შესთავაზა, თუმცა მისგან სანაცვლოდ ბუნებრივი აირის მიწოდება მოითხოვა. ინფორმაცია ქვეყნებს შორის შესაძლო გარიგების შესახებ ბულგარეთის ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლა სტოიანოვმა კვირას, ბაქოში ვიზიტისას გაასაჯაროვა.
ელექტროენერგიის ბუნებრივ აირზე გაცვლით, ბულგარეთი გაზის საჭირო რესურსს მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში მიიღებს – სწორედ მაშინ, როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება. „ისინი ენერგიას მხოლოდ ბუნებრივი აირიდან აწარმოებენ, ჩვენ კი ელექტროენერგიის მსხვილი მწარმოებლები ვართ. ჩვენ გვაქვს ექსპორტი და ჭარბი წარმოება. შესაბამისად, თუ აზერბაიჯანს გაზის სანაცვლოდ ელექტროენერგიას მივაწვდით, ისინი რესურსის დაზოგვას მოახერხებენ“, – განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის, ბულგარეთი ევროპაში ელექტროენერგიის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია, რასაც ქვეყანაში ქვანახშირის, ჰიდროელექტროსადგურებისა და ბირთვული ენერგიის მოცულობა განაპირობებს. აღსანიშნავია, რომ სტოიანოვმა ბულგარეთის მხრიდან „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების წარმოებაზეც ისაუბრა. თუმცა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ბულგარეთისთვის გაზის ექსპორტის შეჩერებას რამდენიმე დღის წინ კრემლის პოლიტიკური ნაბიჯი უწოდა.
პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა ივლისის დასასრულს, ბაქოში სტუმრობის შემდგომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ბულგარეთისთვის წელიწადში დამატებით 500 მილიონიდან 1 მილიარდ კუბურ მეტრამდე ბუნებრივი აირის მიწოდება შეუძლია. ამჟამად აზერბაიჯანი ქვეყანას წელიწადში 1 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს აწვდის, რაც ქვეყნის საჭიროების მხოლოდ 1/3-ს აკმაყოფილებს.
სტოიანოვის განმარტებით, აზერბაიჯანი ბულგარეთს, როგორც ტრადიციულ პარტნიორს, გრძელვადიანი კონტრაქტებით წელიწადში 2 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდებას ჰპირდება. ბულგარეთი კი ყოველწლიურად 3.5 მილიარდ კუბურ მეტრს მოიხმარს, რის შედეგადაც აზერბაიჯანი ქვეყნის მოთხოვნილების თითქმის 60%-ს დაფარავს.