Bumble-ი მეგობრის საპოვნელად ახალი BFF-აპლიკაციის გაშვებას გეგმავს

Bumble-ი მეგობრის საპოვნელად ახალი BFF-აპლიკაციის გაშვებას გეგმავს

გაცნობის აპლიკაცია Bumble-ი შერჩეულ ბაზრებზე მისგან დამოუკიდებელი BFF-აპლიკაციის გაშვებას გეგმავს, რომელიც მომხმარებელს ახალი მეგობრების პოვნის საშუალებას მისცემს. კომპანიის ინფორმაციით, ახალი აპლიკაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე წლიდან ჩაეშვება.

Bumble-ის ინფორმაციით, ახალი აპლიკაცია გაერთიანებულ სამეფოსა და აზიის ბაზრებზე იტესტება. სხვადასხვა წყაროს ცნობით კი სერვისი ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ფილიპინებში გაეშვება და ხელმისაწვდომი იქნება როგორც Android-ზე, ასევე iOS-ზე. „Bumble For Friends-ის აპლიკაციით, სიკეთესა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ საზოგადოებაში, შეგიძლიათ ესაუბროთ და შეხვდეთ ახალ ადამიანებს“, – ვკითხულობთ App Store-ის აღწერაში.

Bumble-ის ახალ აპლიკაციას ექნება როგორც უფასო, ასევე ერთკვირიანი, სამთვიანი, ექვსთვიანი და ულიმიტო პრემიუმ-პაკეტები. Bumble For Friends-ის აპლიკაცია, პროფილის ხილვადობის გასაძლიერებლად და სხვადასხვა უპირატესობის მისაღებად მომხმარებლისთვის აპის შიდა შესყიდვებსაც უზრუნველყოფს. Bumble-ის სპიკერის განცხადებით, BFF-ი ძირითადი აპლიკაციების ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების 15%-ს წარმოადგენს.

ცნობისთვის, გაცნობის აპლიკაციამ BFF-ი ჯერ კიდევ 2016 წელს წარადგინა. ახალი სერვისის გაშვებით, Bumble-ის ახალ კონკურენტებს შორის არიან Yubo, LMK-ი, Wink-ი, Swipr-ი და Vibe.