ჩეტ პიპკინი - ახალი მილიარდერი

ჩეტ პიპკინი - ახალი მილიარდერი

თქვენი სახლი ან, ყოველ შემთხვევაში, სამზარეულოს ბუფეტი, ჩეტ პიპკინის მიერ შექმნილი ტექნოლოგიური აქსესუარებითაა სავსე.

ჩეტ პიპკინი, შესაძლოა, უკვე თქვენ გვერდითაც იყოს. მთლად თავად თუ არა, მისი აქსესუარები მაინც. მისი კომპანია, Belkin-ი, აუარებელ გაჯეტსა და აქსესუარს ქმნის – ისეთ რაღაცებს, როგორიცაა Linksys-ის უსადენო როუტერები, დამტენები, კლავიატურები ტაბლეტებისთვის, კომპიუტერის კაბელები, დოკ-სადგურები და iPhone-ის ბუდეები.

ეს ყველაფერი ნივთების აბურდული გროვა როდია. FORBES-ის შეფასებით, Belkin-ის წლიური გაყიდვები $1.5 მილიარდს შეადგენს. ივლისში Summit Partners-ის ვენჩურ-კაპიტალისტებისგან პიპკინმა ფირმის 10% უკან დაიბრუნა და ახლა, პრაქტიკულად, მთელი ბიზნესი მისია. ამგვარად, მისი ქონება $1.1- მილიარდიანია. Summit-მა კომპანიაში ინვესტიცია13 წლის წინ განახორციელა, პიპკინი კი ღელავდა, ვაითუ აქციების საჯარო განთავსება დამაძალონო. მას ეს არ უნდოდა. “ჩვენი ხედვა ყოველთვის გრძელვადიანია. რაიმე მოკლევადიანი ღირებულების შექმნა არასდროს მოგვნდომებია”, – ამბობს ის.

55 წლის პიპკინი მემანქანის ვაჟია, სამხრეთ კალიფორნიაში, მუშათა კლასის რაიონში გაიზარდა. ბავშვობაში მცირედი ენაბრგვნილობის პრობლემები ჰქონდა, რასაც ხელი არ შეუშლია შემთხვევითი სამუშაოების შოვნაში – ის სკოლის კაფეტერიაში ჭურჭელს რეცხავდა და შინნაკეთ სანთლებს ყიდდა; ერთხელ ქუჩაში თამაშების ბაზრობაც კი მოაწყო, სადაც ბავშვები ფულს იხდიდნენ, რომ ეთამაშათ. UCLA-ში ერთი სრული წელიც კი არ გაჩერებულა: სწავლა მიატოვა და პერსონალური კომპიუტერების სფეროში მომხდარი რევოლუციით სარგებლის ნახვას შეუდგა. მისი ერთ-ერთი პირველი გამოგონება გახლდათ კაბელი, რომლითაც შესაძლებელი იყო, Apple II ნებისმიერ პარალელურ პრინტერზე შეგეერთებინა. პროტოტიპები მშობლების სასადილო ოთახის მაგიდაზე შექმნა, შემდეგ კი კაბელები ადგილობრივ მაღაზიებში მიიტანა; პირველი წლის ბოლოს გაყიდვებმა $178,000-ს მიაღწია. 1985 წელს, ჟურნალ Computer Dealer-ში მისი პირველი ეროვნული რეკლამის გამოჩენის მერე, შეკვეთები მთელი ქვეყნიდან მოაწყდა. პროდუქციის ხაზი გააფართოვა და უფრო მეტი აქსესუარისა და მავთულის შექმნა დაიწყო. შედეგად, ლოს-ანჯელესთან, კომპტონში მაღაზია გახსნა. ქირა აქ იაფი უჯდებოდა.

ახლა შემინული სათავო ოფისი აქვს, რომელიც მაღალქირიან Playa Vista-ში (ასევე, ცნობილი, როგორც „სილიკონის სანაპირო“) მდებარეობს. Belkin-ი სარგებლის ნახვას ახლა Internet of Things-იდან აპირებს. ის თავის ახალ მობილურ აპლიკაციაზე, WeMo-ზეა კონცენტრირებული, რომელიც საშუალებას გაძლევთ, აკონტროლოთ ყავის ჭკვიანი მანქანები, ელექტრომადუღარა ქვაბები და სარწყავი სისტემები. „ჩვენ განუწყვეტლივ უნდა გარდავქმნათ ხოლმე საკუთარი თავები“, – ამბობს პიპკინი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *