ჩინეთი ჩაკეტილ ქალაქ ვუჰანს 8 აპრილიდან გახსნის. სწორედ აღნიშნული ქალაქი იყო კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი ჩინეთში. მისი კარის კვლავ გაღება კი იმაზე მეტყველებს, რომ ქალაქმა ეპიდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა.
ვუჰანი დაახლოებით ორი თვე იყო გარე სამყაროს მოწყვეტილი. მისი ჩაკეტვის მიზანი ვირუსის სხვა ტერიტორიებზე გავრცელების პრევენცია იყო. ასევე, ოთხშაბათიდან იხსნება ჰუბეის პროვინციის სხვა ქალაქებიც.
რეგიონში მნიშვნელოვნად შემცირდა კორონავირუსის გავრცელების შემთხვევები, უფრო მეტიც ჰუბეის პროვინციაში 19 მარტის შემდეგ დაინფიცირების ახალი შემთხვევები თითქმის ნულამდეა დაყვანილი, მაშინ როდესაც თებერვალში, როდესაც ეპიდემიის პიკი იყო, ყოველდღიურად ჰუბეის პროვინციაში დაინფიცირების ათასობით ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა. აღსანიშნავია, რომ ჰუბეის პროვინციის მოსახლეობა 60 მილიონზე მეტია.
თავად ვუჰანში კი 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქში 23 იანვრიდან შეზღუდულია ავიამიმოსვლა, ასევე სარკინიგზო და სატრანსპორტო გადაადგილება. სწორედ მსგავსი მკაცრი ზომების მიღების შედეგად ქალაქში და მთლიანად ჰუბეის პროვინციაში კორონავირუსის გავრცელების ტემპის შემცირება შეძლეს.