ჩინეთის ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზებას ცდილობს, ვინაიდან ეკონომიკის აღდგენის პროცესი სტაბილურად გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას Yahoo Finance ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ჩინეთის სახალხო ბანკი მონეტარულ პოლიტიკას უფრო მიზნობრივს გახდის. ცენტრალურმა ბანკმა მოუწოდა კომერციულ ბანკებს სრულად გამოიყენონ სტრუქტურირებული მონეტარული ხელსაწყოები, რათა გაზარდონ თავიანთი პოლიტიკების პირდაპირობა და პირობა დადო, რომ ქვეყანა სტაბილური ზრდისა და რისკების პრევენციას შორის გრძელვადიან ბალანსს მიაღწევს.
ცნობისთვის, ჩინეთის ეკონომიკური ზრდა ეტაპობრივად ჩქარდება. გაიზარდა ექსპორტის მაჩვენებელი და წარმოების მაჩვენებლებიც იმატებს. თუმცა, მომხმარებელთა მხარჯველუნარიანობა კვლავ სუსტია გასულ წელთან შედარებით, ამიტომაც შედარებით მცირე ზომის კომპანიები პრობლემებს განიცდიან დაბალი მოთხოვნის გამო.
“საერთო ჯამში ჩვენ ვფიქრობთ, რომ მონეტარული პოლიტიკა დარჩება სტაბილური უახლოეს პერიოდში ეკონომიკური აღდგენის პროცესის უწყვეტობის შედეგად. როგორც კი ჩინეთის ეკონომიკა დასტაბილურდება, ჩვენ გვჯერა რომ ჩინეთის სახალხო ბანკს დასჭირდება რისკების გაანალიზება ვალის სწრაფი ზრდის შესახებ“, – განაცხადეს ეკონომისტებმა.