ჩინეთის ვაჭრობის მინისტრმა ორშაბათს განაცხადა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო ვაჭრობა მომავალ წელს შესაძლოა კიდევ უფრო რთული სიტუაციის წინაშე აღმოჩნდეს. მინისტრის განცხადებით აღნიშნული პრობლემა კოვიდ-19 პანდემიისგან აღდგენის პოზიტიური ტემპების შემცირებასა და სხვა ძირითად ფაქტორებს შეიძლება უკავშირდებოდეს.
პეკინში გამართულ კონფერენციაზე, ვანგ ვენტაომ აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის მეორე ნახევარში საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი უკვე სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა, მან ასევე დასძინა, რომ ჩინეთის ჯვარედინი ციკლის მაკროეკონომიკური პოლიტიკა სახელმწიფოს დაეხმარება, ეკონომიკური რყევები გონივრულ ფარგლებში დატოვოს.
შეგახსენებთ, რომ პანდემიისგან აღდგენის ტემპებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს, რაც წარმოებისა და მოთხოვნის ერთობლივი გაზრდითაა ნაკარნახევი. თუმცა, როგორც ჩანს, იმისდა მიუხედავად, რომ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი მალევე დაუბრუნდა პრე-პანდემიურ ნიშნულს, სახელმწიფოს საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს.
აღნიშნული საკითხის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ჩინეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების დაძაბული სავაჭრო ურთიერთობებია, რომელიც კერძო კომპანიებისათვის მრავალი სახის აკრძალვებსა თუ სანქციებს გულისხმობს. შესაბამისად, ამერიკის შეერთებულ შტატებთან დრამატული ურთიერთობის ფონზე, ჩინეთი მის ალტერნატივებზე სულ უფრო მეტად ფიქრობს.